საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ესეების კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ესეების კონკურსი გამოცხადდა – “დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ – რესპუბლიკის 100 წელი”, რომელსაც “განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტი” (EARI) განახორციელებს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს ორგანიზაციის წარმომადგენელთან ერთად კონკურსში მონაწილეობის პირობები გააცნო.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თაობებმა გაიაზრონ, გააანალიზონ და შეაფასონ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის პერიოდი. საკონკურსოდ წარმოდგენილი ესე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: პირველი რესპუბლიკის ასწლეულის ანალიზი და შეჯამება, ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე არსებული გამოწვევების ხედვა, ნაშრომის აკადემიური სტილი, თემის შესაბამისობა კონკურსის მიზანთან.

ჟიურის შემადგენლობაში შედიან ეკა ტოგონიძე, ნიკო ჯავახიშვილი, თემურ ჯოჯუა, გიორგი კეკელიძე, ფიქრია ჩიხრაძე. 5 წევრისგან შემდგარი ჟიური, მათ შორის ისტორიკოსები, მწერალი, ლიტერატორი გამოავლენს კონკურსში მონაწილე ესეების ავტორებიდან 20 საუკეთესოს. ამასთან, სტუდენტებს შორის გამოვლინდება პირველ და მეორე ადგილზე გასული გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო, I ადგილისთვის – 1500 ლარი, II ადგილისთვის – 1000 ლარი.

პირველ და მეორე ადგილზე გასული გამარჯვებული გამოვლინდება პროფესორ-მასწავლებლებს შორისაც, რომლებიც ასევე მიიღებენ ფულად პრიზებს – I ადგილისთვის – 1500 ლარი, II ადგილისთვის – 1000 ლარი.
კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სიმბოლური საჩუქრები. ორივე კატეგორიაში გამარჯვებული ოცეულის ესეები გამოიცემა კრებულის სახით და გადაეცემა ბიბლიოთეკებსა და უმაღლეს სასწავლებლებს. საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ მოეწყობა კონკურსანტების შეხვედრა პრეზიდენტთან. პროექტის ბოლოს კი, გაიმართება გამარჯვებულების გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამარჯვებულებს პრეზიდენტი დაასახელებს. ნაშრომი შეფასდება 10-ქულიანი სისტემით.

კონკურსანტებმა საკონკურსო ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ 7 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით. ერთ ავტორს შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ერთი ესე წარმოადგინოს საკონკურსოდ. ჟიურის წევრებს ექნებათ დაახლოებთ სამი კვირა საკონკურსო ნაშრომების გასაცნობად და შესაფასებლად. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება ივნისის ბოლოს. საკონკურსო ნამუშევრები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: http://instituteeari@gmail.com.

მსგავსი თემები