“საქართველო ავღანეთში ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია“ – ნატო-ს გენ.მდივანი

„საქართველო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია. ვაფასებთ იმ წვლილს, რომელიც საქართველოს შეტანილი აქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში. საქართველო ავღანეთში ჩვენი მისიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია“ , – აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი.

იენს სტოლტენბერგის შეფასებით, საქართველო ყველაფერს აკეტებს ნატო-ს წევრობისთვის.

„სამიტზე ალიანსის ლიდერებმა კვლავ დაადასტურეს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. ეს თანხვედრაშია 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან. ნატო-ს კარი ღია რჩება. ასევე მივესალმეთ იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს რეფორმების განხორციელებაში გააჩნია. კერძოდ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის უფრო ეფექტური ინსტიტუტები და შეიარაღებული ძალების მოდერნიზება. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი უკვე ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვით რეფორმებს. საქართველომ უნდა განაგრძოს რეფორმების გზა“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგი რუსეთის თემასაც შეეხო და რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთხელ მოუწოდა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება უკან წაიღოს და საქართველოს რეგიონებიდან ჯარები გაიყვანოს.

მსგავსი თემები