საქართველოში ჰააგის სასამართლოს ოფისი აგვისტოს ომში დაზარალებულებისთვის დახმარების პროგრამას იწყებს

საქართველოში ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კაუპო კანდი აცხადებს, რომ საქართველოში ჰააგის სასამართლოს ოფისი 2020 წლიდან აგვისტოს ომში დაზარალებულთა დახმარების პროგრამის დაწყებას გეგმავს.

„დაზარალებულთა ფონდი რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. ეს გახლავთ სოციალურ-ეკონომიკური დახმარება მსხვერპლთათვის – მოიაზრება 2008 წლის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა; ასევე სამედიცინო საჭიროებებზე მორგებული და ფსიქოლოგიური დახმარება, რაც ასევე გულისხმობს ბავშვებში ტრავმების ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.

ამ ეტაპზე, დაზარალებულთა ფონდი სამი მიმართულებით საჭიროებების შესახებ კვლევას ატარებს. კვლევა კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებსა და დევნილთა ჩასახლებებს მოიცავს. ანგარიში მზად გაზაფხულზე იქნება, რომელიც წარედგინება დაზარალებულთა ფონდის საბჭოს. განხილვის შედეგად დაზარალებულთა ფონდის საბჭო დახმარების მანდატს, მიმართულებასა და დახმარებისთვის საჭირო თანხას დაადგენს, რომელიც 2020 წელს დაიწყება. ამ მომენტში, დახმარების დაწყების ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით. გაზაფხულზე ანგარიში მომზადდება. შემდეგ ანგარიში განიხილება და საბჭო დაადგენს იმ მანდატს, რომელი მანდატითაც დაზარალებულთა ფონდი საქართველოში შემოვა“, – განაცხადა კაუპო კანდიმ.

მსგავსი თემები