„საქართველოში წყალი დიდი პროგრესით იკლებს და კიდევ შემცირდება“ – გარემოს დამცველი

„ენერგეტიკა აუცილებლად უნდა განვითარდეს, თუმცა, განვითარდეს ისე, რომ გარემო ნაკლებათ დააზიანოს. ყველა რისკი უნდა შეფასდეს. რაც პანკისში, ჰესის მშენებლობის გამო მოსახლეობის მხრიდან მოხდა, პირველი არ არის“ – აცხადებს გარემოს დამცველი, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე „მედიაცენტრ მთავარში“ და იმ ძირითად პრობლემებსა და დარღვევებზე საუბრობს, რაც ჰესების მშენებლობასთან არის დაკავშირებული.

როგორც გარემოსდამცველი ამბობს, მოსახლეობა, ჰესების მშენებლობას მთელი საქართველოს მასშტაბით აპროტესტებს. შესაბამისად, უნდა დაისვას კითხვა, რა არის პრობლემა და რატომ ხდება მასიური პროტესტი.

„დადგა დრო, რომ დავსვათ საკითხი, რატომ არის ხალხი ასე განწყობილი ენერგეტიკის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროტესტი ხდება არა მხოლოდ დიდ ჰესებთან, არამედ პატარა ჰესებთან მიმართებაშიც. ერთი პრობლემა, რაც ყველა ჰესს აერთიანებს, ეს არის წყლის რაოდენობა. წყალი რომელიც სამწუხაროდ საქართველოში საკმაოდ სერიოზულად კლებულობს და პროგნოზირებულია, რომ კლიმატის გლობალური ცვლილების გამო, კიდევ უფრო მოიკლებს“ – აღნიშნა ნინო ჩხობაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე, გარემოსდამცველი, ჰესების მშენებლობისას მთავარ კვლევას წყლის რესურსს უკავშირებს და აცხადებს, რომ წყლის რაოდენობის გაზომვა აუცილებელია: „ამდენი წლის განმავლობაში, ხომ შეიძლებოდა წყლის რაოდენობა გაზომილიყო. წყლის რესურსი არ არის გაზომილი. როცა მოსახლეობას ეუბნებიან, რომ თუ წყალი არ იქნება, მერე მოვიფიქრებთ რა უნდა გავაკეთოთ, ეს არ არის კარგად გაკეთებული დოკუმენტი.“

როგორც ნინო ჩხობაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, საქართველოში მდინარეების შეფასება გასული საუკუნის მერე არც გაკეთებულა.

„საქართველოში მდინარეების ენერგეტიკუი შეფასება ჩვენთან მე-20-ე საუკუნის 70-იან წლების შემდეგ არც ჩატარებულა. დღეს, როცა კლიმატის ცვლილება გეომეტრიული პროგრესით ხდება და წყალი თითქმის ყველგან იკლებს, წყლის რესურსის შეფასება აუცილებელი პირობაა“ – აღნიშნა ნინო ჩხობაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები