“საქართველოში წარმოების გადმოტანით 400-ზე მეტი უცხოური კომპანიაა დაინტერესებული” – ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოში წარმოების გადმოტანით ასობით უცხოური კომპანიაა დაინტერესებული. ნათია თურნავას თქმით, გლობალური პანდემიის ფონზე ამ საკითხით ბევრი კორპორაცია დაინტერესდა, საქართველო კი ამისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია, რადგან დაბალი გადასახდების მქონე ქვეყანა და ბიზნესის კეთების სიმარტივით გამოირჩევა.

„აუცილებელია, რომ ამას ზევიდან დაემატეოს კონკრეტული, ინდივიდუალური მუშაობა თითოეულ პოტენციურ კომპანიასთან, ვინც შეიძლება დივერსიფიკაციაზე, თითოეულს უნდა მივაწოდოთ ხმა. ამიტომ წამოვიდა ეს 400, 400-ზე მეტია რეალურად, მულტინაციონალური, უცხოური კომპანია, რომელსაც პოტენციალი და ინტერესი გააჩნია, რომ მოხდეს დივერსიფიკაცია, შეიძლება დაინტერესდეს საქართველოში წარმოების გადმოტანით“, – ამბობს მინისტრი.

მისივე თქმით, ამ თემაზე მას პირადად კვირაში რამდენიმე ვიდეოშეხვედრა აქვს, მათ შორის კომპანიებთან Nokia და Nestle. ამასთან, თურნავა აღნიშნავს, რომ გლობალურად ამ სფეროში საკმაოდ მაღალი კონკურენციაა, ამიტომ შესაძლებლობების ფანჯარა ვიწროა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოიღებს შედეგს, თუმცა მარტივი არ არის. ბევრი ქვეყანა ხედავს იგივე შესაძლებლობას. ეს შესაძლებლობები არის ლიმიტირებული დროში, ანუ ჩვენ უნდა ვიჩქაროთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რამდენიმე კომპანიის ახალი პროექტის შესახებ უკვე უახლოეს მომავალში გაიგოთ“, – აღნიშნა თურნავამ.

მსგავსი თემები