საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების სერტიფიცირება გერმანული სტანდარტებით მოხდება

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების სერტიფიცირება გერმანული სტანდარტებით მოხდება. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ,  სიახლე პაციენტის უსაფრთხოებასა და საავადმყოფოების მიმართ ნდობას გაზრდის.

“ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობას იწყებს გერმანელ პარტნიორებთან, ვინც დაგვეხმარება ქვეყანაში დაინერგოს KTQ სტანდარტები, რაც ნიშნავს თანამშრომლობას გამჭვირვალობისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის ჯანდაცვის სისტემაში. ეს თითოეულ ჰოსპიტალს მისცემს საშუალებას, რომ უკეთ გააცნობიეროს, რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს იმისთვის, რომ მისი მომსახურება ჩაითვალოს და იყოს მაღალი ხარისხის“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

საერთაშორისო კომპანია “კა ტე ქიუ”-ს ხარისხის კონტროლის კუთხით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და კლინიკების სერტიფიცირებას გერმანიაში, ჩინეთში, ავსტრიაში, ბალტიისპირეთსა და სხვა ქვეყნებში ახორციელებს.

სამედიცინო დაწესებულებები 55 კრიტერიუმის მიხედვით ფასდება და სერტიფიკატებსაც ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში იღებენ. კომპანიას 150 ექსპერტი ჰყავს.

მსგავსი თემები