საქართველოში, რუსი ტურისტების რაოდენობამ რამდენიმე მილიონი შეადგინა

2013-2019 წლებში, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ქვეყნის სწორი პოზიციონირებისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით, საერთაშორისო ბაზარზე ჯამში 70,707,893 ლარზე მეტი დახარჯა. რუსეთის ბაზარზე კი, 13 მილიონი ლარი, რაც ჯამური დანახარჯის მხოლოდ 18.6 პროცენტს შეადგენს. 

როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, 2019 წელს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, რუსეთის ბაზარზე არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს. მათი თქმით, რუსეთიდან ტურისტულმა ნაკადმა გარკვეულ ნიშნულს მიაღწია და ჯამურად, ბოლო წლებში, საქართველოში სტუმრად ჩამოსული რუსი ტურისტების რაოდენობამ, რამდენიმე მილიონი შეადგინა.

“2019 წლის დასაწყისიდან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ მარკეტინგული დანახარჯები გაიწეოდა შემდეგ მიმართულებებზე: ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები, აშშ, ჩინეთი და იაპონია, ხოლო რუსეთში არ დაიხარჯებოდა საბიუჯეტო სახსრები შემდეგი მიზეზიდან გამომდინარე – ბოლო წლების განმავლობაში რუსეთიდან ტურისტულმა ნაკადმა გარკვეულ ნიშნულს მიაღწია და ჯამურად ბოლო წლებში საქართველოში სტუმრად ჩამოსული რუსი ტურისტების რაოდენობამ რამდენიმე მილიონი შეადგინა. საქართველო არის ევროპული ქვეყანა, თავისუფალი ხალხით და ევროპული ფასეულობებით, ისტორიით, თანამედროვეობით და უსაფრთხო გარემოთი. ეს არის პოზიცია, რომელსაც ამკვიდრებდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ნებისმიერი მარკეტინგული აქტივობა“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

განცხადების თანახმად, როდესაც ქვეყნის სწორმა პოზიციონირებამ გამოიღო შედეგი, უწყებას რუსეთში აღარ უწარმოებია მარკეტინგული კამპანია.

„აქედან გამომდინარე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ ჩვენი კერძო სექტორი აღარ საჭიროებდა ჩვენს დახმარებას აღნიშნულ ტურისტულ ბაზარზე და ჩვენგან დამოუკიდებლადაც განაგრძობდა წარმატებულ საქმიანობას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ 2019 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას რუსეთის ტურისტულ ბაზარზე აქვს ნულოვანი დანახარჯი“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.


მსგავსი თემები