საქართველოში მეტროს და სამგზავრო მატარებლის ვაგონების მწარმოებელი ქარხანა აშენდება  

მატარებლების მწარმოებელი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი, შვეიცარული კომპანია „შტადლერი“ საქართველოში, მეტროს და სამგზავრო მატარებლის ვაგონების აწყობა-წარმოების ქარხნის აშენებას გეგმავს. ამ მიზნით, თბილისის მერიას, „საქართველოს რკინიგზასა“ და „შტადლერს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა კახა კალაძემ, კომპანია „შტადლერის“ მფლობელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პეტერ შპულერმა და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ მოაწერეს.

„რამდენიმე წლის წინ, საქართველოს 2 ორსართულიანი მატარებელი მივაწოდეთ. ახლა საუბარია იმაზე, რომ საქართველოში ერთობლივი საწარმო გაიხსნას, სადაც მეტროს ახალი ვაგონების აწყობა, ტექნიკური მომსახურება და ექსპლუატაციაში გაშვება მოხდება“, – განაცხადა პეტერ შპულერმა.​

​თბილისის მერის შეფასებით, ახალი ქარხნის მშენებლობა სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია.

შტადლერთან“ მემორანდუმის გაფორმება, ასევე, მნიშვნელოვანია სატრანსპორტო მიმართულებით, რადგან ახალი ავტობუსების შემოყვანა და სამგზავრო ვაგონების განახლება გვაქვს დაგეგმილი. დედაქალაქს ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის „შტადლერის“ მარკის ვაგონები ეყოლება. ამ მიმართულებით, მგონია, რომ შეთანხმებას საბოლოოდ მივაღწევთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომპანია „შტადლერს“ საქართველოში ორსართულიანი მატარებლის – „შტადლერ ქისის“ სახით, რეალიზებული პროექტი უკვე აქვს. აღნიშნული მატარებლები თბილისი-ბათუმის-თბილისის მიმართულებით მოძრაობს და ევროპის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ხარისხით გამოირჩევა.

ვინაიდან, შვეიცარული კომპანიისთვის არსებული ბიზნესგარემო მიმზიდველი აღმოჩნდა, „შტადლერმა“ საქართველოში რეგიონული ქარხნის აშენება გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ კომპანიას მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე სხვადასხვა სიმძლავრის საწარმო გააჩნია.

კომპანია „შტადლერი“, როგორც სარკინიგზო სამგზავრო მატარებლებს, ასევე, მეტროსა და ტრამვაის ტიპის სამგზავრო შემადგენლობებს აწარმოებს. კომპანია საქართველოდან უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი მატარებლებით რეგიონის მომარაგებას გეგმავს.

მსგავსი თემები