საქართველოში მამაკაცებზე 147 000-ით მეტი ქალი ცხოვრობს    

საქართველოს მოსახლეობა 2018 წელს, 3 ათასით გაიზარდა და 3.729 მლნ-ს მიაღწია. ამათგან 1.791 მლნ კაცია, 1.938 მლნ ქალი, ხოლო 744 ათასი – ბავშვი. სტატისტიკაში არ არის გათვალისწინებული ოკუპირებული რეგიონების მონაცემები.

როგორც საქსტატში აცხადებენ, საქართველოში მცხოვრებთა შორის, ყველაზე მეტი – 278 ათასი ადამიანი, 4 წლამდე ასაკის ბავშვია, ხოლო 466 ათასი – 14 წლამდე ბავშვი. ქვეყნის მოსახლეობის ყველა მცირე რაოდენობას, 65-69 ასაკის ადამიანი შეადგენს და მათი რაოდენობა 187 ათასს აღწევს. 70 წელს ზევით საქსტატი დეტალურ მონაცემებს აღარ აქვეყნებს, ჯამურად კი ასეთი 359 ათასი ადამიანია.

რაც შეეხება ეროვნულ უმცირესობებს, საქართველოს მოსახლეობის 86.8% ქართველია, 6.3% აზერბაიჯანელი, 4.6% კი სომეხი. სხვა დანარჩენი ეთნიკური უმცირესობებიდან თითოეულის წილი 1%-ზე ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს 23.7 ათასი ქორწინება და 10.2 ათასი განქორწინება დაფიქსირდა. ქორწინების საშუალო ასაკმა კაცებში 30.2 ხოლო ქალებში 27.4 წელი შეადგინა. იმავე წელს დაიბადა 53.3 ათასი და გარდაიცვალა 47.8 ათასი ადამიანი. შესაბამისად ბუნებრივმა მატებამ 5.5 ათასი შეადგინა.

ერთ წლამდე ბავშვებში მოკვდავობის კოეფიციენტმა ყოველი 1000 დაბადებულიდან 9.3 შეადგინა. კოეფიციენტი ყველაზე დაბალი – 0,2, 5-9 წლის ასაკის ბავშვებშია, ყველაზე მაღალი კი 85 წელს გადაცილებულებში 235.5.

სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა 2017 წელს 73.5 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისთვის 69.2, ხოლო ქალებისთვის 77.8.

მსგავსი თემები