„საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა. გვაქვს სამი შემთხვევა“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსთან დაკავშირებით ის სტატისტიკა გააცნო, რაც ამ წუთებში მსოფლიოში ფიქსირდება.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით ჩინეთში ვირუსის შემთხვევების კლების პარალელურად, ინფიცირების რიცხვი იზრდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში:

„გლობალურად დღევანდელი დღით დადასტურებულია 92 000 შემთხვევა მსოფლიოში, 80 000 ჩინეთში, საგულისხმოა, რომ ჩინეთში აღინიშნება დინამიური შემცირება, დღეს გახლავთ ყველაზე უფრო ნაკლები 123 შემთხვევა და 31 – კი ლეტალური შედეგი. ჩინეთში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება. ჩინეთს გარეთ დაფიქსირებულია 12 000 დადასტურებული შემთხვევა. სწრაფი ტემპით მიმდინარეობს გავრცელება სამხრეთ კორეაში. იტალიას კი უკვე  გადაასწრო ირანმა. მატულობს შემთხვევების რაოდენობა საფრანგეთში, ესპანეთსა და  გერმანიაში. გაორმაგდა მონაცემები ასევე აშშ-ში, იყო 103 ინფიცირების შემთხვევა და 6 გარდაცვლილი. იტალიაში დაფიქსირებულია 2000 – მდე შემთხვევა ირანში 2336 7 გერმანია, 148 , ასევე ფიქსირდება საფრანგეთში დანარჩენ ქვეყნებში კი ასეულ ნიშნულზე ქვემოთ.“ -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა საქართველოზე და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის დაინფიცირების მხოლოდ სამი  შემთხვევა ფიქსირდება, ლუგარის ლაბორატორიიდან კი ახალი კვლების პასუხებს ელოდებიან. კარანტინში რჩება ასევე ათეულობით ადამიანი:

“დღევანდელი დღის ჩათვლით,  თებერვლის დასაწყისიდან დაფიქსირებული იყო 217 შესაძლო შემთხვევა, აქედან გვაქვს მხოლოდ სამი დადებითი პასუხი, ბოლო ორი დღის განმავლობაში ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. სამივე დაინფიცირებული ავადმყოფი თავს კარგად გრძნობს, მხოლოდ ერთთან არის მცირედი სიმპტომები. კარანტინში დღესდღეობით იმყოფება 150 ადამიანი, ისინი მოთავსებულები არიან სხვადასხვა საკარანტინე სივრცეში. ასევე იღებს საკარანტინოდ ადამიანებს  გორის სამხედრო ჰოსპიტალი და ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო თბილისში. დღეს,  დილიდან ლუგარის ცენტრში გამოსაკვლევად შესული იყო 23 ნიმუში და ყველა ეს ნიმუში გახლავთ უარყოფითი, დამატებით შესულია კიდევ 6 კვლევა.“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით მიმდინარეობს რეკომენდაციების მიღება ჩინელი ექიმებისგან, მისი ინფორმაციით საქართველო სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად მონაწილეობას იღებს ონალინ ტრენინგებში, რომელსაც ჩინელი ექიმები ატარებენ. ამირან გამყრელიძე მთავარ პრევენციად კვლავ ჰიგიენური ნორმების დაცვასა და დაინფიცირებულ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ასახელებს.

მსგავსი თემები