საქართველოში ელექტროავტობუსების ქარხანა გაიხსნება

​კომპანიაფრეგობასი“, გერმანულ კომპანია EURABUS-თან და ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-თან ერთად, საქართველოში ელექტროავტობუსების ქარხნის გახსნას გეგმავს, სადაც 300-ზე მეტი ადგილობრივი  დასაქმდება.

ელექტროავტობუსის კონსტრუქცია ინოვაციური მეთოდითა და ალუმინის მცირე დეტალებითაა აწყობილი, რომელსაც შედუღება არ სჭირდება. ავტობუსი დაყოფილია სექციებად და მისი სიგრძე 8, 10 ან 12 მეტრია.

როგორც “მთავარს” კომპანია “ფრეგობასის” დირექტორმა მურმან პატარაიამ განუცხადა, ელექტროავტობუსი ევროპული სტანდარტის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და 100%-ით ეკოლოგიურად სუფთაა, რაც გარემოს დაბინძურების მაჩვენებლების მნიშვნელოვან შემცირებას უწყობს ხელს.

თბილისში შემოყვანილი პირველი ელექტროავტობუსი ​ხაზზე 9 მაისს გავიდა და 2 კვირის განმავლობაში  სატესტო რეჟიმში, თბილისში სხვადასხვა მარშრუტზე იმოძრავებს.

“ტესტირების მიზანი, ქალაქის ინფრასტრუქტურისა და საექსპლუატაციო პირობების გათვალისწინებით, ელექტოავტობუსების ტექნიკური მახასიათებლების გამოცდაა. რაც შეეხება ავტობუსების აწყობას, ამასთან დაკავშირებული დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი”, – აცხადებს მურმან პატარაია.

კომპანია „ფრეგობასის“ მიერ შემოყვანილი პირველი ელექტროავტობუსის პრეზენტაციას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო და ახალი ავტობუსით იმგზავრა.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, თანამედროვე მსოფლიო ელექტროტრანსპორტზე გადადის და ამ მიმართულებით, გამონაკლისი არც თბილისი იქნება.

“განვითარებული ქვეყნები 2023 წლიდან ელექტროავტობუსებზე გადასვლას აპირებენ. ზოგადად, ეს მიმართულება თანამედროვე მსოფლიოში თანდათან იხვეწება, უფრო საინტერესო ხდება და გამონაკლისი ჩვენც არ ვიქნებით. მომდევნო წლების განმავლობაში, როდესაც ეს მიმართულება უფრო განვითარდება, ელექტროავტობუსებს აუცილებლად შემოვიყვანთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ელექტროავტობუსის პრეზენტაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეორე ავტობაზაზე გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერთან ერთად, გერმანული კომპანია EURABUS-ის გენერალური დირექტორი კრისტიან საიცი, სატრანსპორტო კომპანიისა და „ფრეგობასის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი თემები