“საქართველოში გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება ევროკავშირში”-მამუკა ბახტაძე

“უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში (ENQA) გაწევრიანება საქართველოს განათლების სისტემისთვის ისტორიული მოვლენა და ჩვენი ქვეყნის უდიდესი წარმატებაა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველომ კიდევ ერთ მნიშვნელოვანი და პრინციპული ნაბიჯი გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე.

„ჩვენ დავუახლოვდით ევროპულ ოჯახს ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაში და ეს არის განათლება. რამდენიმე დღის წინ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გაწევრიანდება „ენკაში“ (ENQA). ეს არის უდიდესი წარმატება. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული მოვლენა ჩვენი განათლების სისტემისთვის, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ დავაანონსეთ, რომ განათლება მთავარი ძალაა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ექნება ყველა პრაქტიკული მექანიზმი, რათა საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები აკმაყოფილებდნენ ყველა კრიტერიუმს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში გაცემული ყველა დიპლომი იქნება აღიარებული და ვალიდური ევროკავშირში.

„ეს არის დიდი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით. მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ყველას, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში. ჩემთვის სასიხარულო და საამაყოა, მას შემდეგ, რაც დავაანონსეთ ახალი განათლების რეფორმა, ეროვნული იდეა. ეს უკვე გვაძლევს კონკრეტულ შედეგებს. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის დიდი გამარჯვება და ამავე დროს, არის დიდი პასუხისმგებლობა. აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში დავაკმაყოფილოთ ყველა სტანდარტი. მაქსიმალური ფოკუსი უნდა გვქონდეს გაკეთებული ხარისხზე. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, როდესაც შენს ქვეყანაში გაცემული დიპლომი ითვლება, რომ არის ვალიდური და შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ. მომავალ თვეებში ინტენსიური მუშაობა გვექნება უნივერსიტეტებთან, რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რომელიც ისტორიული მოვლენაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი უნივერსიტეტები შეძლებენ მეტად დაახლოებას. იქნება მაქსიმალური მობილურობა ქართველ სტუდენტებსა და პროფესორებს შორის ევროპაში მუშაობის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი დაკავშირებული იქნება დამატებით ფინანსურ რესურსთან. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ეროვნული იდეის ფინანსური პარამეტრები. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს მივმართავთ განათლებაზე და ეს არის ბიუჯეტის მეოთხედი. დარწმუნებული ვარ, „ენკაში“ გაწევრიანებით ჩვენ გადავდგით ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ საქართველოში განათლების სტანდარტი იყოს მაღალი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები