საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი გაიხსნება

საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი გაიხსნება. ის „ჯო ენის“ კლინიკის ბაზაზე შეიქმნება.

პროექტის პირველი ფაზა USAID-ის მიერაა დაფინანსებული (USAID, Washington DC) 700 000 დოლარის ოდენობით. პროექტი ხორციელდება Global Healing-თან და St. Jude Children’s Research Hospital-თან ერთად.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის პრეზენტაციაზე აღნიშნა, ბავშვთა ონკოლოგია დღეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. მისი თქმით, ძალიან მძიმეა, როცა ოჯახები იძულებულები ხდებიან, საზღვარგარეთ მიიღონ სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მორალური მხარდაჭერის გარდა, პროექტს მისი სახელობის კერძო ფონდში სპონსორებიდან მოზიდული თანხებითაც დაეხმარება.

,,მომავალ კვირას, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ-იორკში შეხვედრები მექნება ამერიკულ ფონდებთან, რომ ვნახოთ, საიდან შეიძლება მოვიზიდოთ დამატებითი სახსრები, ასევე ინსტიტუციური დახმარება“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები