“საქართველოში არ ყოფილა ინფიცირების შემთხვევა, რომელსაც სტაციონარული მკურნალობა არ მიუღია” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს საყოველთაო ჯანდაცვიდან და ელემენტარული სოციალური დაცვის პროგრამებიდან გამომდინარე, ცხოვრების მინიმალური პირობები შევუქმნათ, ისევე როგორც შევუქმნათ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პირობები“,- აღნიშნა გახარიამ.

როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, ჯანდაცვის სისტემაში ბოლო წლების განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგების მატერიალიზება კორონავირუსთან ბრძოლის კონტექსტში მოხდა.

მისივე თქმით, საქართველოში არ ყოფილა ინფიცირების შემთხვევა, რომელსაც სტაციონარული მკურნალობა არ მიუღია.

„ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რომ სოციალური დაცვის სხვადასხვა ინსტრუმენტები მუდმივი კრიტიკის საგანია. ხშირად, ობიექტურიც, მაგრამ ეს ის მიმართულებაა, რომელზეც თანმიმდევრული, მდგრადი, ყოველდღიური, ყოველწლიური განვითარება ღარიბი ეკონომიკის ქვეყნისთვის უკიდურესი გამოწვევაა.

როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია საყოველთაო ჯანდაცვა, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ადამიანის ელემენტარული სოციალური მოთხოვნების უზრუნველყოფა, ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ეს უნდა იყოს მდგრადი, თანმიმდევრული და მუდმივად მზარდი.

ესაა ის ამოცანა, რომელსაც მთავრობა ისახავს. საყოველთაო ჯანდაცვისა და ჯანდაცვის სისტემაში ბოლო წლების განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგების აშკარა მატერიალიზება მოხდა კორონავირუსთან ბრძოლის კონტექსტში და ბევრი სისტემური სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემებმა ამ გამოწვევას ვერ გაუძლეს.

მარტივი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ: საქართველოში არ ყოფილა ინფიცირების არც ერთი შემთხვევა, რომელსაც სტაციონარული მკურნალობა არ მიუღია. უამრავი ევროპული ქვეყანა იყო, რომლის ჯანდაცვის სისტემამაც სტაციონარული მომსახურება ინფიცირებულ ადამიანს ვერ მიაწოდა და ბინაზე მკურნალობის რეკომენდაციებს გასცემდა. ეს არის ის სისტემური შედეგი, რომელიც ჩვენი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის შედეგად იქნა მიღწეული.

დღეის მდგომარეობით, მაგალითისთვის, არ ვდებ თავს, რომ ზუსტი ციფრებია, დაახლოებით, 270-280 ადამიანი თუ გადის ვირუსით, ეპიდემიის თვალსაზრისით მკურნალობას, დადასტურებული ინფიცირების ფაქტი აქედან ექნება ნახევარს, მეორე ნახევარი არის რისკის შემცველი, მაგრამ რისკის შემცველი ადამიანებიც დღეს საქართველოში გადიან მკურნალობას. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი,“- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა ტარიფიკაციასა და სელექტიურ კონტრაქტებზე.

„სამედიცინო ინფრასტრუქტურის, ელემენტარულად მკურნალობის ხელმისაწვდომობა იყო ის პირველი ამოცანა, რომელიც ჯანდაცვის სისტემას უნდა გადაეწყვიტა, თუმცა ამის შემდგომ უნდა გვესმოდეს, რომ სისტემის განვითარებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროს ახალი გამოწვევები და ახალი ამოცანები გაუჩნდა. ეს არის სისტემის შემდგომი განვითარების მდგრადობის შენარჩუნება. სწორედ, ამ მდგრადობის შენარჩუნების მიზანი იყო ის რეფორმები, რომლებიც იყო დაწყებული როგორც ტარიფიკაციის, ასევე სელექტიური კონტრაქტების თვალსაზრისით.

მესმის, რომ ეს ჯანდაცვის სისტემის ბევრი მოთამაშისთვის შეიძლება დისკომფორტის მომტანი იყო, მაგრამ ყველა მათგანი აღიარებს, რომ სისტემას სჭირდება მეტი მდგრადობა, რათა არ აღმოვჩნდეთ კოლაფსის წინაშე. ამიტომ ეს ის გარდაუვალი რეფორმებია, რომელიც სისტემამ უნდა გაატაროს ყველა შემთხვევაში. ამას ჩვენ თანმიმდევრულად, ფრთხილად, ბიზნესის ინტერესის გათვალისწინებით, ჯანდაცვის ბიზნესის ინტერესის გათვალისწინებით გავაკეთებთ და გავაკეთებთ ერთად. გვესმის, რომ აქ იქნება გარკვეული წინააღმდეგობები, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა იყოს ქვეყანაში მდგრადი და იყოს ყოველდღიური პროგრესირება და განვითარება. ამიტომ, როგორც სელექტიური კონტრაქტები, ასევე ტარიფიკაციის ის მოდელები, რომლებსაც ჩვენ ახლა ვნერგავთ, არის გარდაუვალი, ეს უნდა მივიღოთ,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები