“საქართველოში არის ევროპული დონის მართლმსაჯულების სისტემა”- მამუკა ბახტაძე “თიბისი ბანკის საქმე”- ზე

საქართველოს  პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, საქართველოში, ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ შეერთებულ შტატები მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით, შეშფოთებას გამოთქვამს.

პრემიერის განცხადებით, “თიბისი ბანკის” საქმე, იქნება გამჭვირვალე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

“სულისკვეთება ამ განცხადებაში არის ისეთი, რომელიც ნებისმიერ ჩვენთაგანს აქვს, რა თქმა უნდა, უნდა იქნას უზრუნველყოფილი და ეს ასეც იქნება, გამჭვირვალე პროცესის სასამართლოსი და კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, საქართველოში არის ევროპული დონის მართლმსაჯულების სისტემა და ეს არის მთავარი. აქედან გამომდინარე, არანაირი კითხვის ნიშნები, მე დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის ირგვლივ, ისევე როგორც სხვა სასამართლო პროცესის ირგვლივ, არ იქნება,”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა. ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

მსგავსი თემები