საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა არ უნდა გაქრეს ევროპული ქვეყნების დღის წესრიგიდან – თამარ ჩუგოშვილი 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ევროპარლამენტს არასდროს მიუღია ერთიანი დოკუმენტი, კონკრეტულად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას -“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“ მიღებას ისტორიულ გადაწყვეტილებას უწოდებს.

​თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტის ერთსულოვანი მხარდაჭერა ადასტურებს, რომ ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ერთხმად უჭერენ მხარს.

მისივე თქმით, ათი წლისთავი სრულდება 2008 წლის ომიდან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპულ ქვეყნებს მუდმივად ჰქონდეთ დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და ეს საკითხი არ ჩაიკარგოს სხვა პრობლემებს შორის, არ გაქრეს დღის წესრიგიდან.

„ევროპარლამენტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება – მან პირველად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ოკუპაციის პრობლემას, დევნილების თემატიკას, ტატუნაშვილის და ოთხოზორიას გარდაცვალების საკითხს და იმ რეზოლუციას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა”, – აცხადებს იგი.

ჩუგოშვილის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნული რეზოლუცია ეხმარება რუსეთთან დაკავშირებით სწორი აქცენტების დაფიქსირებაში, საქართველო – რუსეთის პრობლემა იყოს აქტუალური, ახსოვდეთ ევროპელ კოლეგებს და მუდმივად უჭერდნენ მხარს საქართველოს პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით.

“მხარდაჭერა იყო ერთსულოვანი, რაც ადასტურებს, რომ პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ზოგადად, საქართველოს ერთხმად უჭერენ მხარს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

 

მსგავსი თემები