საქართველოს საჰაერო სივრცეს ფრანგული საზენიტო-სარაკეტო სისტემები დაიცავს 

​ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტებით გათვალისწინებული რადიოლოკაციური სადგურები და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები უკვე საქართველოშია. საავიაციო ბაზაზე ფრანგული კომპანია Thales LAS SAS -ისა და MBDA-სგან შესყიდული, რადიოლოკაციური სადგურები, მართვისა და მოხსენების მობილური ცენტრი და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები გამოიფინა.

საჰაერო თავდაცვის საშუალებები დღეს, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე დაათვალიერეს, სადაც სამხედრო ავიაციის დღე აღინიშნა.

„ჩვენი მთავარი მიზანია თანამედროვე სტანდარტების მქონე და თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების განვითარება, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნება ნატოს სტანდარტებთან. ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ინფორმაციით, ავიაციასთან დაკავშირებით წელს ბიუჯეტიდან 23 მილიონი გამოიყო, პარალელურად ქვეყნის სტრატეგიულმა პარტნიორმა – აშშ-მა გამოთქვა მზადყოფნა გამოყოს ფინანსები საქართველოს საავიაციო შესაძლებლობების რემონტისა და მოდერნიზებისთვის, რათა თავდაცვითი ამოცანების შესრულებასთან ერთად, შესაძლებელი გახდეს სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციების განხორციელება.

​დღეიდან საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ უფრო დაცული და ეფექტიანად კონტროლირებული იქნება”, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები