საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო იერუსალიმის პატრიარქის თეოფილე მესამის მიერ ორგანიზებულ ეკლესიათა მეთაურების შეკრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას  დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს.

“მის უნეტარესობას იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს თეოფილე მესამეს.

თქვენო უნეტარესობავ, მოგესალმებით ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით და გაცნობებთ, რომ მივიღეთ თქვენ მიერ გამოგზავნილი ორი წერილი ეკლესიათა შორის არსებულ პრობლემებზე მსჯელობისთვის იორდანიაში, ქალაქ ამანში, პირველ იერარქთა და მათი წარმომადგენლების მიწვევის შესახებ.

კარგად გვესმის, რომ თქვენი მცდელობა განპირობებულია ეკლესიის ერთობისთვის ზრუნვით და ჭრილობების მოშუშების სურვილით. თქვენი წერილებიდან ჩანს ისიც, რომ ძალისხმევა არ დაგიკლიათ, რათა მსოფლიო პატრიარქს მიეღო მონაწილეობა შეხვედრაში, მაგრამ, ვინაიდან, მან და ზოგიერთი ეკლესიის მეთაურმაც არ ისურვეს ეს, იმ მიზანს, რაც თქვენ გაქვთ, და რაც ყველა ჩვენგანის სურვილიცაა, შესაძლოა, დაბრკოლებები შეგვექმნას.

ჩვენ ვიზიარებთ თქვენ პოზიციას და ვითარების სერიოზულობიდან გამომდინარე, პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით მივიჩნევთ, რომ აუცილებელია შეხვედრა და საერთო მსჯელობა, მაგრამ ეს ყველა ეკლესიის მონაწილეობით უნდა მოხდეს, თუ გვსურს, შედეგი მივიღოთ; ხოლო თუ ერთობა ვერ შედგება, ამ ეტაპზე, თავს შევიკავებთ ჩამოსვლისგან.

აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ ჩვენ სიამოვნებით ვესწრებოდით და კვლავ დავესწრებით რომელიმე რელიგიური დღესასწაულის ან საერთაშორისო კონფერენციის ფორმატში გამართულ ღონისძიებას.

ვიმედოვნებთ, ღვთის წყალობით, მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთა სინაქსისი განხორციელდება და ეკლესიური კანონიკური ნორმების დაცვით შეფასდება ის თემები, რაც აზიანებს ჩვენ ურთიერთობებს. ამასთან, რაც მალე მოხდება ეს, უმჯობესია ყველასთავის.

ვლოცულობთ თქვენთვის და მართლმადიდებელ ეკლესიაში მშვიდობისა და ქრისტეში ერთობისთის.

ღმერთმა მოგანიჭოთ მშვიდობა და შემდგომი წარმატებები თქვენ მაღალ მსახურებაში”,- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ მომზადებულ წერილში, რომლსაც ხელს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე აწერს.

მსგავსი თემები