საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ გაუგებარი პოლიტიკა ხორციელდებოდა – გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების წინააღმდეგია და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, ქვეყანა, რომელსაც რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, რატომ უნდა აუქმებდეს მსგავს პოლიტიკურ ორგანოს.

“ყველა პოლიტიკურ კონტექსტს თავი რომ დავანებოთ, თვითგადარჩენის ინსტიქტის ტოლფასია, რომ ასეთი ინსტიტუტები არ გავაუქმოთ. ასეთ თემებზე მაინც ვიყოთ გაერთიანებული და გვქონდეს ნათელი ხედვა, რომ ჩვენ სამშობლოს დასაცავად ერთიანი ვართ“, – მიმართა პრეზიდენტმა პარლამენტს.
გიორგი მარგველაშვილმა დღეს, პარლამენტში საანგარიშო სიტყვით გამოსვლისას რუსეთთან დაკავშირებით საქართველოს მიერ არჩეულ პოლიტიკაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა ყველაზე ადეკვატურია.

“ამ ახალ ფაზაში ჩვენი გაერთიანების მოტივაცია უფრო ძლიერი უნდა იყოს იმ ღირებულებების ირგვლივ, რასაც სამშობლოს ერთიანობის დაცვა ჰქვია. ამ ფონზე ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია პოლიტიკა, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ხორციელდებოდა. რუსეთთან ამ ვითარებაში მყოფი ქვეყანა აუქმებს უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს, სადაც უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თაობაზე – აუქმებს უშიშროების საბჭოს!“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

მსგავსი თემები