„საქართველოს პრეზიდენტის განზრახ მკვლელობის საქმის გამოძიება განულებისკენ მიდის“

საქართველოს გენერალური პროკურატურა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას საქმეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.

როგორც პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია „მედიაცენტრ მთავართა“ აცხადებს, ის ფიზიკურად დაუძლურებულია და საქმის წინ წასაწევად შიმშილობის ისევ დაწყებას ვერ შეძლებს.

„ 2018 წლის მიწურულს საქართველოს მთავარი პროკურატურის ოფისში ჩვენს მიერ იქნა ჩატარებული 14 დღიანი შიმშილობის აქცია, რომელმაც გარკვეულ შედეგებს მიაღწია. კერძოდ ეს არის გამოძიების გაგრძელება. ამ შიმშილობის შედეგად, საქმე კი არ დახურეს და თაროზე შემოდეს, პირიქით, გააგრძელეს კიდევ 5 წლით. გარდა ამისა, საქმეს კვალიფიკაციაც შეუცვალეს. თუ ადრე სს საქმე აღძრული იყო ადამიანის გარდაცვალების გამო, მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება დაიწყო შემდეგი ფორმულირებით: განზრახ მკვლელობა სამსახურეობრივი მოვალოების შესრულების დროს“, – განუცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ „მედიაცენტრ მთავარს“.

თუმცა, მისივე ინფორმაციით, საქმე ისევ გაჩერდა და არ იძვრის. საგამოძიები მოქმედებების ხელახლა გასაცოცხლებლად კი შიმშილობის დაწყება არ შეუძლია.

„სამწუხაროდ, ახლა ისეთი პირი უჩანს, რომ ეს მიღწეული შედეგები განულებისკენ მიდის, რადგან პროკურატურამ გამოავლინა გულგრილობა. ისინი ტელეფონებს აღარ პასუხობენ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ინტერესი ისევ არ არის. პოლიტიკური ნება ისევ არ არის. შიმშილობას აღარ ვაპირებ, რადგან დამიდგინდა სისხლ ძარღვების ოთხგზის შევიწროება. ამას უნდა მოჰყოლოდა ოპერაცია ან დიეტა. მე ვეღარ შევძლებ შიმშილობას, რადგან არც თუ ისე ახალგაზრდა ვარ“, – განუცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ „მედიაცენტრ მთავარს“.

მსგავსი თემები