საქართველოს პარლამენტი „აკვაკულტურის შესახებ“ კანონზე მუშაობს, პრეზენტაცია უკვე შედგა

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სულხან მახათაძემ  პარლამენტში „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტის პრეზენტაცია გამართა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მსგავს კანონს დღევანდელი საკანონმდებლო ბაზა ფაქტობრივად არ იცნობს და წარმოდგენილ ინიციატივას შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ქვეყანაში აკვაკულტურის დარგის განვითარებისთვის.

„საქართველო როგორც ზღვისპირა ქვეყანა, ასევე საკმაოდ მდიდარია მდინარეებით, წყალსატევებით, ტბებით და ეს ბუნებრივი რესურსი ჩვენ საშუალებას გვაძლევს ქვეყანაში განვავითაროთ აკვაკულტურა. ეს ხელს შეუწყობს ახალი დარგის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ არ არის განვითარების იმ დონეზე, რისი რესურსი და პოტენციალიც ქვეყანას გააჩნია. აკვაკულტურის განვითარება ქართულ ეკონომიკაშიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან წილს შეიტანს და, ბუნებრივია, დასაქმების კუთხითაც დიდ შესაძლებლობებს მოგვცემს“, – განაცხადა სულხან მახათაძემ.

დეპუტატების პოზიციით, აღნიშნული სფერო რომ საკანონმდებლო მოწესრიგებას საჭიროებს, სადავო არაა, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. 

კანონპროექტი რამდენიმე კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა, უახლოეს პერიოდში მასზე წამყვან კომიტეტშიც იმსჯელებენ, რის მერეც წარედგინება პარლამენტის პლენარულ სხდომას. კანონპროექტის ავტორები მზად არიან ყველა დაინტერესებულ პირთან თანამშრომლობისათვის, რათა საბოლოოდ ისეთი კანონი იყოს მიღებული, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარებას.

მსგავსი თემები