საქართველოს ორი მტერი ჰყავს, ოკუპაცია და სიღარიბე – მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს 2 მტერი ჰყავს – სიღარიბე და რუსული ოკუპაცია, რაც ქვეყანას სრულფასოვანი განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს. 

ეროვნულ ბიბლიოთეკაში მამუკა ბახტაძემ დღეს, მისი ახალი ინიციატივა “განათლება – გზა თავისუფლებისკენ” წარადგინა. 

მისი თქმით, საქართველო ყოველთვის ისწრაფოდა და ჰქონდა ჯანსაღი ამბიცია, რომ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის ყოფილიყო. ძველი ბერძენი გეოგრაფების ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ ანტიკურ საქართველოში აყვავებული იყო ქალაქები. ამაში პირველ რიგში, იგულისხმებოდა განათლების ცენტრები, ისეთები, როგორიც იყო, მაგალითად, ფაზისის რიტორიკული სკოლა. შუა საუკუნეებში ინტენსიურად ვითარდებოდა მეცნიერების კერები იყალთოსა და გელათის აკადემიებში, რომელსაც თანამედროვეები „ახალ ათინად“ და „მეორე იერუსალიმად“ მოიხსენიებდნენ. ქართველები აფუძნებდნენ სასწავლო ცენტრებს და ბიბლიოთეკებს საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის მონასტრებში, ჩვენი სწავლულები მოღვაწეობდნენ სინას მთაზე და პალესტინაში.

“ქართველთა ეროვნული სიამაყის საგანი ყოველთვის იყო სახარების უძველესი თარგმანები და თეოლოგიურ – ფილოსოფიური ტრაქტატები​. რენესანსული მსოფლმხედველობა ჩვენში უფრო ადრე იწყებს ჩამოყალიბებას, ვიდრე მსოფლიოში და “ვეფხისტყაოსანია” ამისი ნათელი დასტური; ხოლო მანამდე, მრავალი საუკუნით ადრე, ჩვენ შევქმენით რკინის დამუშავების, ღვინის დაყენების, ოქროს მოპოვების ცოდნა და ტექნოლოგიები, რითაც ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ მსოფლიო ცივილიზაციაში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საოკუპაციო ხაზი და ეკონომიკური სიდუხჭირე არის ის, რასთან შეგუებაც შეუძლებელია და რისი დაძლევისთვის ბრძოლაც არის არსებული ხელისუფლების მთავარი მიზანი.

მსგავსი თემები