საქართველოს მოქალაქეები ყველა ხშირად გერმანიას, იტალიასა და საბერძნეთ სტუმრობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის ოქტომბერში, შენგენის ზონის ქვეყნებში, საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე (7,646) გერმანიაში გაემგზავრა, ხოლო ქვეყანაში შესვლაზე უარი 19 ადამიანს უთხრეს.  საქართველოს მოქალაქეებისთვის ოქტომბერში  პოპულარული მიმართულება იყო იტალია, სადაც საქართველოს 5,352 მოქალაქე გაემგზავრა, 47-ს კი – უარი ეთქვა. სამეულს საბერძნეთი ხურავს, სადაც ოქტომბერში 3,569 მოქალაქე გაემგზავრა, ხოლო 14-ს უარი ეთქვა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” შსს-ში განუცხადეს, გასვლების რაოდენობის მიხედვით, ქვეყნების ხუთეულშია პოლონეთი, სადაც საქართველოს 3,059 მოქალაქე გაემგზავრა (19 მოქალაქეს უარი ეთქვა) და საფრანგეთი, სადაც ოქტომბერში 2,990 მოქალაქე წავიდა, 11-ს კი- უარი ეთქვა.

სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის ოქტომბერში ქვეყნიდან საქართველოს 299,633 მოქალაქე გავიდა და 294,336  შემოვიდა.  აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით, შარშანდელთან შედარებით მაჩვენებელი შემცირებულია.  კერძოდ, 2017 წლის ოქტომბერში საქართველოს საზღვარი გადაკვეთა და ქვეყნიდან გავიდა 330,904 მოქალაქე, ხოლო შემოვიდა 336,506 მოქალაქე.

გასულ თვეში საქართველოს ყველაზე ცოტა მოქალაქე ისლანდიაში (6), სლოვენიაში (18), ნორვეგიაში (33), სლოვაკეთსა (36) და ლუქსემბურგში (40) გაემგზავრა.

მსგავსი თემები