საქართველოს მოსახლეობის 78% პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრეა – კვლევის შედეგები

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევით, მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ ინფორმაციას ფლობს აცხადებს, რომ ეს სისტემა მათთვის მისაღებია და ასეთი მოსახლეობის 78%-ია.

„გამოკითხულთა 78% მიიჩნევს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დადებითად იმოქმედებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე. მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დრო რჩება, მთავარი უპირატესობის მქონე ძალა ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი იქიდან გამომდინარე, რომ ამომრჩეველთა 61% არჩევნებისთვის ეკონომიკურ პროგრამაზე აკეთებს აქცენტს, ხოლო ერთი მესამედი ჯერ ისევ გადაუწყვეტელია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მათი პირველი არჩევანი, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც შეიმუშავებენ თანმიმდევრულ და მიმზიდველ ეკონომიკურ პლატფორმას, ყველაზე დიდი შანსი ექნებათ, შექმნან საპარლამენტო უმრავლესობა“, – ვკითხულობთ IRI-ს ინფორმაციაში.

კვლევა ჩატარებულია 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევას კოორდინაციას უწევდა კვლევითი კომპანიის „ბალტიის კვლევები/გელაპის ორგანიზაციის“ წარმომადგენელი, დოქტორი რასა ალისაუსკიენე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით. კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში.

მსგავსი თემები