“საქართველოს მთავრობა შეუდარებლად მუშაობს, რადგან ისინი შესანიშნავად უმკლავდებიან ამ კრიზისს” – მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი

“მინდა აღვნიშნო საქართველოს მთავრობის მობილიზება და მთავრობის შეუდარებელი მუშაობა, რადგან ისინი შესანიშნავად უმკლავდებიან ამ კრიზისს”, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2020 წელს ძალიან მძიმე ეკონომიკური კრიზისი გველოდება და საქართველო გამონაკლისი არ იქნება.

„საქართველოს მთავრობამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა, მას ჰქონდა ფისკალური პოლიტიკა, რეზერვები, ინფლაციის მიმართულებითაც ძალიან კარგად მუშაობდა და ვფიქრობ, ის ნაბიჯები, რომლებიც ამ პერიოდში გადაიდგა, ქვეყანას საშუალებას მისცემს, ეფექტურად გაუმკლავდეს ამ კრიზისს. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, რომ წინასწარ ვთქვათ, რა მოხდება მსოფლიოში. რა თქმა უნდა, Covid-19-მა დაარტყა მსოფლიო ეკონომიკას, ეს კრიზისი უპრეცედენტოა. ვფიქრობ, რომ 2020 წელს ძალიან მძიმე ეკონომიკური კრიზისი გველოდება და საქართველო არ არის გამონაკლისი. საქართველოს ეკონომიკა, მეტწილად, დამოკიდებულია ვაჭრობაზე მეზობელ ქვეყნებთან და ასევე დამოკიდებულია ტურიზმზე. ჩვენი ვარაუდით – 2.2%-დან 4.4%-მდე შემცირდება მშპ და საქართველოს რაც შეეხება 2%-დან 4%-მდე იქნება ეს შემცირება. საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად მუშაობს იმისთვის, რომ ძალიან კარგად გაუმკლავდეს ამ კრიზისს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან დადებითად და პოზიტიურად ვიფიქროთ. ციფრული დღის წესრიგი გაწერილია, ციფრული ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ციფრული სამყარო, ვფიქრობ, დადებით გავლენას მოახდენს ქართულ ეკონომიკაზე, ესაა მწვანე ეკონომიკა. მინდა, გამოვხატო მადლიერება ექიმების, სამედიცინო პერსონალის მიმართ, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს, რათა ადამიანებს სიცოცხლე შეუნარჩუნოს. ასევე მინდა აღვნიშნო მთავრობის მობილიზება და მთავრობის შეუდარებელი მუშაობა, რადგან ისინი შესანიშნავად უმკლავდებიან ამ კრიზისს. აგრეთვე, საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად ეხმარებიან საქართველოს მთავრობას და მინდა, ვისაუბრო ქართველ ხალხზე, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ძალიან მაღალი დისციპლინა აჩვენეს ამ კრიზისის დროს. მსოფლიო ბანკი საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენ მუდამ ვიქნებით თქვენ გვერდით. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენ თქვენ გვერდით ვიყავით ყოველთვის და ეს პერიოდი, რა თქმა უნდა, არ იქნება გამონაკლისი“, – აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.

მსგავსი თემები