საქართველოს მთავარ სამთო კურორტებზე წყლით მომარაგების პრობლემა შეიქმნა

ტურისტული სეზონის პიკზე ქვეყნის მთავარ სამთო კურორტებზე წყლით მომარაგების პრობლემა შეიქმნა. ბაკურიანი, ახალი წლის პერიოდში, რამდენიმე დღის განმავლობაში წყალი შეფერხებით მიეწოდებოდათ.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ ტურისტების გაზრდილი რაოდენობის გამო, ბაკურიანში წყლის მოხმარებამ მოიმატა. აქედან გამომდინარე, რამდენიმე დღის განმავლობაში წყლის წნევა არასაკმარისი იყო, რამაც წყალმომარაგებაში შეფერხება გამოიწვია.

კომპანიის ინფორმაციით, მათი ჯგუფი ორი დღის განმავლობაში 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად. პარალელურად კი ამავე პერიოდში წყალი მიეწოდებოდა წყალმზიდების საშუალებით და ივსებოდა რეზერვუარები, რათა არსებული პრობლემა დროულად მოგვარებულიყო.

კომპანიის ინფორმაციით, გაწეული სამუშაოების შედეგად, დღეს დილიდან ბაკურიანს წყალი სტაბილურად მიეწოდება.

რაც შეეხება გუდაურს, კომპანიის ცნობით, ამ დროისთვის წყალი არ მიეწოდება ახალ გუდაურში მხოლოდ ე.წ. „რედკოს“ დასახლებას, რისი მიზეზიც ამ ტერიტორიაზე წყალმომარაგების ქსელზე არსებული დაზიანებაა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ ადგილზე იმყოფება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფი და ვითარების გამოსასწორებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მსგავსი თემები