საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად განაცხადები 2 მაისამდე მიიღება

შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად მიმდინარეობს განაცხადების მიღება

კონკურსი გამოცხადდა 2018 წლის 11 აპრილს. პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები მიიღება 1 მაისის ჩათვლით

საქართველოს ეროვნული პრემიის კომისია 2018 წლის 11 აპრილიდან აცხადებს კონკურსს საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად

პრემიის მინიჭების პირობები:

საქართველოს ეროვნული პრემია პირს ენიჭება საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში.

საქართველოს ეროვნული პრემია გაიცემა ყოველწლიურად, არა უმეტეს ორისა, თითოეული 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. პირს, რომელიც მოიპოვებს საქართველოს ეროვნულ პრემიას, მიენიჭება საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდება, გადაეცემა ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი გასაცემელი.

კანდიდატთა წარდგენის წესი/ნაშრომის წარდგენისათვის დადგენილი პირობები:

·   საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – პრემია, როგორც წესი, ენიჭება საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პრემია შეიძლება მიენიჭოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.

·  პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ შესაბამისი ავტორიტეტისა და კომპეტენციის მქონე იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, ან სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც მოღვაწეობენ მეცნიერების შესაბამის დარგში.

· პრემიის მოსაპოვებლად შესაძლოა წარდგენილი იყოს ავტორთა ჯგუფი/თანაავტორები.

· პირი არ შეიძლება წარდგენილი იყოს ორი პრემიის მოსაპოვებლად ერთი ნაწარმოების/სამეცნიერო ნაშრომისათვის.

·  პრემია შეიძლება მიენიჭოს გარდაცვლილ მეცნიერს ან/და ავტორს იმ შემთხვევაში, თუ მისი ნაწარმოები/ნაშრომი გამოქვეყნდა საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულებამდე და აკმაყოფილებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ პირობებს.

· მეცნიერების შესაბამის დარგში პრემიის მისანიჭებლად წარდგენა დასაშვებია მხოლოდ სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნებისა და/ან მისი პრაქტიკული განხორციელების შემდეგ.

· დაუშვებელია ერთი და იმავე ნაშრომის განმეორებით წარდგენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაშრომი საკონკურსოდ დაშვებული არ იქნა ტექნიკური ხარვეზის გამო.

კონკურსში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია:

·  წარდგინება ნაშრომის აღწერა-დახასიათებითა და იმ განსაკუთრებული  ღირსებების აღნიშვნით, რომლებიც გახდა ავტორის საქართველოს ეროვნულ პრემიაზე წარდგენის საფუძველი. დოკუმენტს ხელს უნდა აწერდეს წარმდგენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი/საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი.

· საკონკურსო ნაშრომის შესახებ პრესაში გამოქვეყნებული რეცენზიები და/ან სხვა მასალა (მათ შორის, აუდიო, ვიდეო, ფოტო მასალა) ნაშრომზე წარმოდგენის შესაქმნელად.

· სამეცნიერო ნაშრომი 9  ეგზემპლარად (მათ შორის, ერთი ორიგინალი მაინც).

კანდიდატის  ბიოგრაფია (CV).

· კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი.

საკონკურსო განაცხადისა და თანდართული მასალის მიღების

ვადა და ადგილი:

პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 2018 წლის პირველი მაისის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (მისამართი: მ. აბდუშელიშვილის ქ. N1), დასვენებისა და უქმე დღეების გარდა, სამუშაო დღის 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე.

მსგავსი თემები