საქართველოს ეკლესიის სინოდი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერაზე ისაუბრებს  

საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დღის წესრიგი წინასწარ ცნობილი არ არის, თუმცა, როგორც მღვდელმთავრები აცხადებენ სხდომაზე სავარაუდოდ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის საკითხსაც განიხილავენ.

​როგორც საპატრიარქოში შესვლამდე ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ განაცხადა, ის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს უჭერს.

„მიმაჩნია, რომ პროცესები, რაც განვითარდა, ნამდვილად უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის და ზოგადად მართლმადიდებელი სამყაროსთვის ნამდვილად ისტორიული მოვლენაა. ძალიან გასაოცარია და ღვთის წყალობაა, რომ ამჟამად და ამიერიდან უკვე უკრაინაში ე.წ. რასკოლნიკური, ანუ განხეთქილების არაღიარებული ეკლესია არ იქნება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ ამ საკითხს დღეს თუ ხვალ აუცილებლად უნდა დაუჭიროს მხარი და სიმართლის მხარეს დადგეს. წმინდა სინოდი ღვთის სათნო გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს უჭერენ: ბოდბელი ეპისკოპოსი, პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე, ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოზი, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, შემოქმედელი ეპისკოპოსი იოსები.

წმინდა სინოდის სხდომას კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობს. სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება. ბოლო სხდომა სინოდმა 21 ივნისს გამართა.

მსგავსი თემები