საქართველოს განათლების სისტემას 50 ახალი სკოლა შეემატება

​ახალი სასწავლო წლისთვის, კახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონში, 30 ახალი სკოლა მიიღებს მოსწავლეებს. სკოლების შენობები აშშ მთავრობისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით აშენდა და აღიჭურვა. ​ახლო მომავალში ასევე გაიხსნება 20 ახალი სკოლა, რომელიც, 25 წლის განმავლობაში პირველად, განათლების სამინისტროს დაფინანსებით აშენდა.

როგორც “მედიაცენტ მთავარს” განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განუცხადა, დაწყებითი კლასების 17 სექტემბრისთვის სრულიად განახლებული და ხარისხობრივად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები დახვდებათ. ასევე, ინგლისური ენის გარდა, მე-5 კლასის მოსწავლეებს ევროპული და აღმოსავლური ენების შესწავლის უფრო ფართო არჩევანი ექნებათ.

მისივე ინფორმაციით, ახალი ეტაპი იწყება ინკლუზიური განათლების მიმართულებით. სპეც -პედაგოგები მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ნაწილი ხდებიან. სკოლებს ეძლევა უფლება დროებით მიიწვიონ კონკრეტული საგნის სპეციალისტები.

​დეპუტატის აზრით, ამ რეფორმის წყალობით მოგვარდება სკოლებში, ზუსტ მეცნიერებებსა და უცხო ენის  კვალიფიციური კადრების პრობლემა. ხორციელდება მანდატურის სამსახურის რეფორმა,  სკოლის უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.

“გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ვიზიტის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე. სექტემბერში, დავასრულებთ მუშაობას “პროფესიული განათლების შესახებ კანონზე, რომელიც საჯარო და კერძო კოლეჯების სისტემას უფრო ეფექტიანს გახდის.  აღნიშნული კანონი შექმნის როგორც საქართველო-გერმანიის, ასევე, ევროკავშირთან თანამშრომლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბაზისს”, – აცხადებს მარიამ ჯაში.

​მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საქართველოში ევროპული სკოლის გახსნა.  “საამაყოა, რომ სწორედ საქართველო გახდა ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, სადაც გაიხსნა მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო სკოლა”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მსგავსი თემები