საქართველოსთვის საექსპორტო ბაზარი არასოდეს იქნება მხოლოდ რუსეთი – სალომე ზურაბიშვილი  

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის, საექსპორტო ბაზრად მხოლოდ რუსეთის არ უნდა მოიაზრებოდეს, რადგან საქართველოსთვის ღიაა მსოფლიო და მეტად შეიძლება ამ ბაზრის გახსნა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი დღეს, გორში ფერმერებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა რეგიონების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განცხადა, რომ საკუთარი გამოცდილების გამოყენებით ამ დარგის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, იქნება ფერმერების ელჩი საექსპორტო ბაზრებზე.

​მისი თქმით, ფერმერები არიან მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფომ და კერძო სექტორმა.

“სახელმწიფო კი არ უნდა ქმნიდეს სამუშაო ადგილებს თავად, ეს საჯარო სექტორია ქვეყნის ბიუჯეტს აწვება, არამედ ხელს უნდა უწყობდეს მცირე და საშუალო ბიზნესს, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები. ესაა ქვეყნის ხერხემალი. აწარმოე საქართველოში წარმატებული პროგრამაა და ასეთი პროგრამები უნდა იყოს მეტი და ხელმისაწვდომი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

​პრეზიდენტობის კანდიდატმა შრომის უსაფრთხოებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საწარმოებში არსებული პირობები ევროპულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილების დანერგვა.

“არ შეიძლება, რომ პრეზიდენტი არ იყოს თქვენს გვერდით. მიგულეთ თქვენს გვერდით. ვიქნები რეგიონების პრეზიდენტი, რადგან ამ ქვეყანაში თუ არ იქნა ძლიერი რეგიონი, სახელმწიფო ვერ იქნება ძლიერი. არ შეიძლება, ყველაფერი იწყებოდეს და მთავრდებოდეს თბილისში. სანამ არ გავაძლიერებთ რეგიონებს ისე, რომ აქედან წასვლა არავინ მოისურვოს, მანამდე არ ვიქნებით ისეთი განვითარებული ქვეყანა, რისკენაც ვისწრაფვით. მე ვიქნები თქვენს გვერდში, რათა რეგიონები თავიანთი მიმართულებებით გავაძლიეროთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ფერმერებთან შეხვედრისას.

მან სოფლის მეორნეობის დარგის განვითარებაში გორის რაიონის პოტენციალზეც ისაუბრა. ზურაბიშვილის შეფასებით, გორი არის ერთ-ერთი ძლიერი რეგიონია ამ მიმართულებით.

მსგავსი თემები