საქართველოსა და კორეას შორის, საჰაერო მიმოსვლის შესახებ ოქმი გაფორმდა

საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ, შეთანხმების ტექსტის შეჯერების მიზნით მოლაპარაკებები გაიმართა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგად მოხდა შეთანხმების პროექტის პარაფირება და შესაბამისი ოქმის გაფორმება, რომლითაც მხარეებმა შესაძლო მოკლე ვადაში შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების და შეთანხმების 2019 წლის ბოლომდე გაფორმების ვალდებულება აიღეს.

„მოლაპარაკებების ფარგლებში მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომელიც ზემოხსენებული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ქართულ მხარეს კორეის უმსხვილეს საერთაშორისო აეროპორტებში რეგულარული ფრენების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს. შეთანხმების გაფორმებით, შეიქმნება ორ ქვეყანას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში სამართლებრივი ბაზა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას, ხელს შეუწყობს ფრენის არეალის გაფართოებას, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ტურიზმის განვითარებას. შეთანხმება ლიბერალურ პრინციპებს ეფუძნება,” – ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ჩარტერული რეისების შესრულება 2018 წლიდან ხორციელდება, კერძოდ აღნიშნულ პერიოდში თბილისსა და სეულს შორის ავიაკომპანიის „კორენა ეარ“ (Korean Air) მიერ განხორციელდა ორი ტურისტული ჩარტერი, რომლის მიერ 557 ერთეული მგზავრი იქნა გადაყვანილი. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2019 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში თბილისსა და სეულს შორის ავიაკომპანია „კორეან ეარ”-ის მიერ განხორციელდა ოთხი ტურისტული ჩარტერული რეისი, რომლის მიერ გადაყვანილი იქნა 935 ერთეული მგზავრი“, – ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბოლო წლებში საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობაში კორეის რესპუბლიკიდან შემოსული ვიზიტორების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება.

მსგავსი თემები