საქართველომ Fitch -ის რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა – ქვეყანაში საკრედიტო რესურსი გაიაფდება

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, საქართველო, დღევანდელი მონაცემებით, ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც Fitch-ის რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანია. ამ სიახლის მიხედვით, ქვეყანაში კიდევ უფრო გაიაფდება საკრედიტო რესურსი. რეიტინგში წინსვლა საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების ნდობას აძლიერებს. ეს ინვესტორებზე აისახება და სიღარიბის დაძლევაზე იქონიებს პირდაპირ გავლენას. 

როგორც მამუკა ბახტაძე აცხადებს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რატომაც Fitch -მა ეს გადაწყვეტილება მიიღო, არის ის, რომ 2018 წლის მეორე ნახევარში, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონმა მძიმე ეკონომიკური პერიოდი გადაიტანა, საქართველოს ეკონომიკა უფრო მდგრადი გახდა გარე შოკების მიმართ. ეს, თავის მხრივ, ყველა სწორმა პოლიტიკამ, გატარებულმა ძირითადმა რეფორმებმა და მათ შორის ლარიზაციის სტრატეგიამ განაპირობა.

„პირადად ჩემთვის, ეს არის ნათელი მაგალითი, რომ ჩვენ აუცილებლად შევძლებთ საქართველო ვაქციოთ რეგიონალურ ეკონომიკურ ცენტრად“, – აცხადებს მამუკა ბახტაძე.

როგორც ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების შეფასება, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნით დაინტერესებული ინვესტორებისთვის, რათა მათ დაინახონ რომ სტრატეგიულ საკითხებზე მთავრობა სწორ გადაწყვეტილებებს იღებს და ქვეყანა სტაბილურად ვითარდება.

“სხვა მიმართულებებთან ერთად, Fitch – მა შეაფასა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტრურული პროექტები. სასიხარულოა, რომ სწორად არის დანახული ის სამუშაოები, რაც მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის,“ – განაცხადა ცქიტიშილმა. 

2019 წლის 22 თებერვალს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით გააუმჯობესა და ქვეყანას ახალი შეფასება – BB მიანიჭა. განახლებული რეიტინგით, საქართველოს ეკონომიკის პროგნოზი არის სტაბილური.

მსგავსი თემები