საქართველომ სირიასთან ურთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურებს იწყებს. გადაწყვეტილება მიღებულია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, ასადის რეჟიმმა, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებით მხარი დაუჭირა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას.

„სირიის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით საქართველოს განუყოფელი რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული ქმედებით, ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას. ამ გზით სირიის რეჟიმმა უგულებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით“, – განაცხადა დონდუამ.

მსგავსი თემები