საქართველომ კვიპროსისგან საჩუქრად მიწა მიიღო

კვიპროსმა საქართველოს 1 000 000 ევროს ღირებულების მიწის ნაკვეთი აჩუქა, – ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„ღალიას (ჟალიას) მონასტერი კვიპროსის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, პაფოსის პროვინციის პატარა, ისტორიული ქალაქის, პოლის ქრისოქოსის მახლობლად, ტყეში მდებარეობს. მონასტრის ნანგრევები 1981 წელს აღმოაჩინა ამერიკაში ემიგრირებულმა ქართველმა მეცნიერმა, ქართველი ხელოვნების ისტორიკოსმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა ვახტანგ ჯობაძემ.

“მონასტრის სრულმასშტაბიანი არქეოლოგიური შესწავლის იდეა 2001 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კვიპროსში ვიზიტის დროს გაჩნდა, ხოლო მას შემდეგ რაც საქართველოს და კვიპროსის წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას ერთობლივი კვლევა-ძიების ჩატარების თაობაზე, ქართველი არქეოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, მხატვარ-რესტავრატორები, ანთროპოლოგები, ტოპოგრაფები, გეოლოგები, კონსტრუქტორები წლების მანძილზე მუშაობდნენ ძეგლის გაწმენდისა და კონსერვაციისთვის. ამჟამად ღალიას ღვთისმშობლის მონასტერი და მასში შემავალი წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ნანგრევებისგან სრულად გაიწმინდა. აღდგენილი მონასტერი ტურისტულ რუკაზე უკვე დაფიქსირდა“, – ნათქვამია რელიგიის საგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2018 წელს კი, კვიპროსის ხელისუფლებამ ქართველთა ისტორიული ღვაწლის აღსანიშნავად, საქართველოს სახელმწიფოს, ღალიას სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, 13.000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადასცა მასზე ეკლესია-მონასტრის ასაშენებლად.

მსგავსი თემები