“საქართველოდან გერმანიაში ჩასულ მგზავრებს კარანტინში არ გადაიყვანენ” – საგარეო უწყება

საქართველოდან გერმანიაში ჩასული მგზავრებისთვის არ დგება კარანტინში გადასვლის აუცილებლობა, – აღნიშნულის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისაუბრეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის 2020 წლის 15 ივნისს გამართული სატელეფონო საუბრის თემატური გაგრძელება იყო.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, COVID-19-ის პანდემიასთან მიმართებაში არსებული დადებითი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველო არ შედის რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც რისკის შემცველად ითვლება და გერმანიაში ამ ქვეყნებიდან ჩასული მგზავრები სავალდებულო წესით ექვემდებარებიან კარანტინში გადასვლას.

მათივე ინფორმაციით, მინისტრისა და ელჩის შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ქართული მხარისთვის ინფორმაციის მიწოდება 2020 წლის 15 ივნისს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ამოქმედებული ახალი კარანტინის ჩარჩო დადგენილების შესახებ.

„მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოში COVID-19-ის შეკავების მიმართულებით ქართული მხარის მიერ პროცესის ეფექტიანი მართვა და პოზიტიური შედეგები. აღინიშნა, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისათვის, ამ ეტაპზე, კვლავაც არ არის გახსნილი საზღვრები ტურისტული მიზნით მოგზაურობისათვის. მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ნებართვა გერმანიაში მგზავრობისათვის, კონკრეტული მიზნით, იქნება ეს სამსახურებრივი გარემოება, განათლების მიღება/გაგრძელება, მკურნალობა, 15 ივნისიდან მოხსნილი აქვთ კარანტინის გავლის ვალდებულება.

ამასთან, გერმანიის მთავრობა, ევროკავშირის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ცალკეულ ქვეყნებთან და რეგიონებთან მიმართებაში ამზადებს ინდივიდუალურ სამოგზაურო რეკომენდაციებს და გამოითქვა იმედი, რომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება მისცემს მათ საშუალებას, უახლოეს მომავალში, პოზიტიურ ჭრილში გადაწყვიტოს აღნიშნული საკითხი“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

როგორც ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, მინისტრთან შეხვედრაზე განიხილა გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილება.

„გუშინ მინისტრმა ზალკალიანმა სატელეფონო ზარი განახორციელა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაიკო მაასთან. მოხარული ვარ, რომ მინისტრებს შორის გაიმართა კარგი საუბარი საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენების, არსებული და ყველასათვის ცნობილი დეზინფორმაციის კუთხით. მათ ასევე განიხილეს მოგზაურობის მხრივ დაწესებული შეზღუდვები, რომელიც ორივე სახელმწიფოს მთავრობამ დააწესა COVID-19-ის მიერ გამოწვეული კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად. მოხარული ვარ, რომ დღეს შედგა ჩემი შეხვედრა მინისტრ ზალკალიანთან, რათა განგვეხილა გუშინდელი სატელეფონო საუბარი და ოფიციალურად გაგვეცხადებინა, რომ გერმანია ასრულებს საკარანტინო მოთხოვნებს საქართველოდან მომავალი მგზავრებისთვის. ეს, ბუნებრივია, ვერ გადაჭრის ყველა პრობლემას. ჯერ ისევ ძალაში რჩება ევროკავშირის აკრძალვა შემოსვლაზე, თუმცა საქართველოსა და ევროკავშირში არსებული პოზიტიური განვითარებების გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხები უახლოესი კვირების განმავლობაში გადაიჭრება“, – განაცხადა ელჩმა.

მსგავსი თემები