საფრანგეთში, პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის პირველი ვიზიტი შედგა

საფრანგეთში, საქართველოს პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტით მყოფი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 19 თებერვალს, თავის ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონს ელისეს სასახლეში შეხვდება. ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ თანამშრომლობის დეკლარაციას.  

“70-იან წლებში, როდესაც პირველად შევხვდი საფრანგეთის იმდროინდელ პრეზიდენტს, როგორც ფრანგი დიპლომატი, განსახილველი საკითხის ნაცვლად, საუბარი საქართველოზე დავიწყე. ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის შემდეგ საფრანგეთმა, რამდენიმე პრეზიდენტი გამოიცვალა და თითოეულ მათგანთან საუბრისას საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობების გაღრმავება ყოველთვის მთავარი თემა იყო ჩემთვის. ეს ჩემი ერთ-ერთი ისტორიული ვალდებულებაა და ახლა, როდესაც უკვე განსხვავებული სტატუსით ვხვდები პრეზიდენტ მაკრონს. მჯერა, რომ ჟისკარ-დ’ესტენთან დაწყებულ საუბარს ბოლომდე მივიყვანთ”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანი აცხადებს, ​​დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგი საქართველოს საფრანგეთთან ურთიერთობას ახალ დონეზე გადაიყვანს, თანამშრომლობა რამდენიმე მიმართულებით განვითარდება, როგორც პოლიტიკური თანამშრომლობის, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და ხალხთა შორის ურთიერთობების სფეროში.

“ყველა ძირითადი მიმართულება ორმხრივი თვალსაზრისით ძალიან აქტუალურია და ასევე აქტუალურია საქართველოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, რადგანაც საფრანგეთის ჩართულობა მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საქართველოს წარმატებას ამ გზაზე“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი საფრანგეთში ქართულ დიასპორასთან შეხვედრით დაიწყო.

“ძალიან ემოციური იყო ვიზიტის პირველი დღე საფრანგეთში.
ბავშვობაში, როდესაც ლევილის მამულში ვთამაშობდით, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ერთ დღეს საქართველოს პრეზიდენტის რანგში დავბრუნდებოდი საფრანგეთში და ჩემი ძმა დამხვდებოდა, როგორც ქართული დიასპორის ხელმძღვანელი. შევხვდი ქართველ სტუდენტებს, დიასპორას და ჩემს შვილებთან ერთად ლევილის მამულში ის ადგილები მოვინახულე, სადაც ჩემი ბავშვობის დიდი ნაწილი გავატარე და საქართველოში დაბრუნებაზე დავიწყე ფიქრი”, – აცხადებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

20-12 თებერვალს სამუშაო ვიზიტს ის გერმანიაში განაგრძობს.  

შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები