“საფრანგეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში აღმოაჩინეს, რომ პაციენტი კორონავირუსით დეკემბერში იყო ინფიცირებული” – “გარდიანი”

“გარდიანის” ინფორმაციით, საფრანგეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში პნევმონიით მოთავსებული პაციენტების ძველი ნიმუშები ხელახლა გამოიკვლიეს, რითაც დადასტურდა, რომ საავადმყოფოში 27 დეკემბერს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტი მივიდა, რომელიც ახლა უკვე გამოჯანმრთელებულია.

საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის პირველი ოფიციალური შემთხვევა თითქმის ერთი თვის შემდეგ გამოვლინდა.

„ის 15 დღის განმავლობაში იყო ცუდად და თავისი ორი შვილიც დააინფიცირა, მაგრამ მისი ცოლი, რომელიც სუპერმარკეტში მუშაობს, არ დაავადებულა. ის გაოგნებული იყო და არ იცის, თუ როგორ დაინფიცირდა. მას გაწერის შემდეგ არ უმოგზაურია და მისი ერთდაერთი კონტაქტი მისი ცოლი იყო“, – აცხადებენ საავადმყოფოში.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ინფიცირებულის ცოლი ბევრ ჩინელ კოლეგასთან ერთად სუშის სტენდთან მუშაობს. არის ვარაუდი, რომ ინფექცია მას სწორედ ამ თანამშრომლებისგან გადაედო, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის.

საავადმყოფოს განცხადებით, მეცნიერებმა იანვარსა და დეკემბერში პნევმონიის ჩივილებით შემოსული პაციენტების 24 ნიმუში ხელახლა დატესტეს. მათგან „კოვიდ-19“ ერთს აღმოაჩნდა. შეცდომის თავიდან აცილების მიზნით, თითოეული ნიმუში რამდენჯერმე დაიტესტა. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, არის თუ არა ეს საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევა.

მსგავსი თემები