„სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის უზრუნველყოფა წარმატებით მიმდინარეობს“ – საკრებულო ოპოციზიციის ბრალდებებზე

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, საქართველოში გრიპის ვირუსის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით, ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს.

დეპუტატის თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარება სრული დატვირთვით მუშაობს. ირაკლი ზარქუას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ განახლდა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ავტოპარკი და ტექნიკურად გაიმართა სერვისი, მაღალი მიმართვის გამო არის გარკვეული ხარვეზები და გარკვეულ შემთხვევებში გამოძახებაზე მისვლა გვიანდება.

„გრიპის ვირუსის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟების გამოძახებამ საგრძნობლად იმატა, რის გამოც არის მცირე შეფერხებები და დაგვიანებები, თუმცა მდგომარეობა საგანგაშო არ არის. პროცესს სრულად აკონტროლებს ჯანდაცვის სამინისტრო. მინისტრმა გარკვევით თქვა, რომ სამინისტრო ყველა ღონისძიებას გეგმის მიხედვით ახორციელებს. ეს პრობლემა არ არის მხოლოდ თბილისში და როცა ქვეყნის მასშტაბით არსებულ მდგომარეობაზეა საუბარი დედაქალაქის მერის კომპეტენციაში არ შედის ჯანდაცვის ღონისძიებების გატარება. მერის კომპეტენცია, სასწრაფოს ტექნიკურად გამართული მუშაობის უზრუნველყოფაა,”- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა ბრიფინგზე ოპოზიციის კიდევ ერთ განცხადებას გამოეხმაურა, რომ დედაქალაქის მერი შვებულებაში საზღვარგარეთ იმყოფება. მისი თქმით, კახა კალაძე საქართველოშია და ოპოზიცია სიცრუის ტირაჟირებას 2019 წელსაც ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

მსგავსი თემები