სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსა და საბაჟო ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებისა და რაიონული ფილიალების სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სპეციალური ხსნარებით მუშავდება ცენტრის რაიონული შენობები და  სასწრაფო დახმარების მანქანები. რაც შეეხება ეკიპაჟების აღჭურვილობას, მედიკოსები სრულად არიან უზრუნველყოფილი პერსონალური დაცვის საშუალებებით. მათ ეკიპირებაში შედის: C დონის ბიოლოგიური დაცვის უსაფრთხოების ტანსაცმელი, სამედიცინო ნიღბები და პერსონალური დაცვის სათვალეები.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მოქალაქეებისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას უსაფრთხოების ნორმების ყველა კომპონენტის დაცვით უზრუნველყოფს.

ამასთან, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ყველა საბაჟო ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოები სპეციალური სითხეების გამოყენებით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღეს სამუშაოები ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონასა და “სარფის” საბაჟო გამშვებ პუნქტში ჩატარდა. პროცესზე ზედამხედველობა აქტიურად გაგრძელდება.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, საბაჟო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფენ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას საბაჟო გამშვებ პუნქტებზე. იქ სატრანსპორტო საშუალებები სპეციალური სითხეებით მუშავდება,” – აცხადებს საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი.

მსგავსი თემები