სასულიერო პირები რისკ ჯგუფად განიხილებიან და პერიოდულად შემოწმდებიან

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ახალი ალგორითმის მიხედვით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, უკვე დაამატკიცა, მაღალი რისკის მქონე სხვა პროფესიებთან ერთად ტესტირება საეკლესიო პირებსაც ჩაუტარდებათ. 

მინისტრის ბრძანების მიხედვით, საეკლესიო პირებს, ვისაც სიმპტომები არ ექნებათ, ჩაუტარდებათ სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით. 

“პარალელურად შესაძლებელია ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარებაც. თუ ორგანიზებულ ჯგუფებთან მყოფ პირებს დაუდგინდება ინფექცია, ისინი განიხილებიან, როგორც სავარაუდო კონტაქტები და მიეცემათ თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი,”- წერია ბრძანებაში. 

სასულიერო პირების გარდა, მაღალი რისკ ჯგუფად განიხილებიან მთავრობის წევრები, სამედიცინო პერსონალები, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები, თავდაცვის ძალები, სტაციონალური ფსიქიატრიული დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა. 

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, ეკლესიაში წირვა-ლოცვა კვლავ გრძელდება და ყოველ კვირას წირვის დასრულების შემდეგ მრევლი ერთი კოვზით ეზიარება. 

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება უმცირესობაში სერბეთთან და პოლონეთთან ერთად. 

მსგავსი თემები