სასტუმრო “ლეოგრანდს” სტუმრების მხოლოდ 5 სართულზე მიღების უფლება აქვს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა სასტუმრო “ველმონდში”, ყოფილ “ლეოგრანდში”, სადაც ხანძრის შედეგად შარშან 12 ადამიანი დაიღუპა, მიმდინარე სამუშაოები შეამოწმეს და სასტუმროს ადმინიტრაციას სტუმრების პირველ ხუთ სართულზე მიღების უფლება მისცეს.

​როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სასტუმროში ეტაპობრივად დაიწყეს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მონტაჟი. მეხუთე სართულის ზემოთ კი მათ სტუმრების მიღების უფლება არ აქვთ.

“ჩვენი სამსახურის სპეციალისტებმა პარასკევს ადგილზე შეამოწმეს სასტუმროს პირველი 5 სართული. დაიტესტა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები და ჩვენი მხრიდან გაიცა ნებართვა, რომ მხოლოდ ხუთმა სართულმა იფუნქციონიროს, სადაც ამ თვალსაზრისით არსებული ყველაზე სარისკო და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები უკვე მოაგვარეს”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

აღსანიშნავია, რომ ბათუმში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო “ლეოგრანდში“ ხანძარი შარშან, 24 ნოემბერს, ღამის საათებში გაჩნდა, შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და უფრო მეტი დაშავდა. სავენტილაციო სისტემის გაუმართაობის გამო, შენობის სხვადასხვა სირთულზე ადამიანებმა ინტოქსიკაცია მიიღეს. დაზარალებულთა შორის იყვნენ სასტუმროს თანამშრომლებიც.

​შენობაში არის 182 ნომერი, ასევე, განთავსებულია საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასტუმროს საქმიანობის უფლება შეუჩერდა, თუმცა  სასტუმრო ფუნქციონირებას მაინც განაგრძობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა,  შენობაში უსაფრთხოების ნორმების არარსებობის გამო, სასტუმროს ადმინისტრაციას დახურვისკენ მოუწოდეს. შედეგად ყოფილმა “ლეოგრანდმა” 17 აგვისტოს მუშაობა შეაჩერა. სასტუმროს ახალი სახელწოდებით დღეს გაიხსნა და სტუმრებს ნომრებს მხოლოდ პირველ ხუთ სართულზე შესთავაზებს.

მსგავსი თემები