სასტუმროების სახანძრო უსაფრთხოებაზე შემოწმება დღეიდან იწყება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დღეიდან, სასტუმროების სახანძრო უსაფრთხოებაზე შემოწმება იწყებს. პირველ ეტაპზე სასტუმროები არ დაჯარიმდებიან, თუმცა მიეცემათ რეკომენდაციები, როგორ დაიცვან სახანძრო უსაფრთხოების ნორმები.  

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” სასტუმროების ფედერაციაში განუცხადეს, მიესალმებიან აღნიშნული ღონისძიებების გატარებას და თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, არ დაზარალდეს ბიზნესი და სასტუმროები პირველივე ჯერზე არ დაჯარიმდნენ. ამ პროცესს აქტიურად გააკონტროლებს ბიზნესომბუდსმენი. 

“​​კარგია, რომ შევლენ სასტუმროებში, დაათვალიერებენ, კი არ დააჯარიმებენ, მითითებებს მისცემენ, რა უნდა გააკეთონ, მისცემენ გონივრულ ვადას. თუ არ გამოასწორებენ, სამართლიანად დაჯარიმდებიან. ქვეყანაში არ გვაქვს განსაზღვრული რა არის დიდი სასტუმრო, რა პატარა, კანონის თანახმად ყველას განთავსების ობიექტი ჰქვია. შესაბამისად სად შევლენ არავინ იცის. რეკომენდაცია უნდა მისცეს სახანძრო სამსახურმა”, – განუცხადა “მთავარს” „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის” დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა.  

რაც შეეხება ხარჯის გაზრდას, ალავერდაშვილის აზრით, ეს არ არის იმ მოცულობის ღონისძიებები, რომ ბიზნესს დააწვეს. სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა თავად ბიზნესის ინტერესშია, რაც ზრდის მისი სანდოობის ხარისხს.

“ბოზნესომბუდსმენი ჩართულია ამ თემაში და ამბობს, რომ თუ ბიზნესს რამე საშიშროება დაემუქრება, მზად არის ბიზნესს დაეხმაროს. სასტუმროს ყველა მფლობელი, გარკვეულ ეტაპზე, ცდილობს უსაფრთხოების ნორმები ჰქონდეს დაცული, მაგრამ თუ რამე აქვთ გამორჩენილი, ამაზე მითითებებს მისცემენ. ეს კარგია კერძო სექტორისთვის. ამ თვალსაზრისით სახელმწიფო სწორი მიმართულებით მუშაობს. უცხოელი სტუმრები ყოველთვის ითხოვენ სასტუმროს უსაფრთხოების სისტემის შესახებ ინფორმაციას”, – განუცხადა შალვა ალავერდაშვილმა “მთავარს”. 

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, იმ შენობა-ნაგებობებს გამოავლენს, რომლებსაც უსაფრთხოების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები აქვთ. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ჯარიმა 500-დან 10 000 ლარამდე იქნება. 

სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია შემდეგი სანქციები: 
• სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების დარღვევა ან შეუსრულებლობა 500 ლარის ოდენობით; 
• იმავე ქმედების განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის მოქმედების პირობებში ჩადენა 1000 ლარის ოდენობით; 
• შიდახანძარსაწინააღმდეგო პირველადი საშუალებისთვის სახანძრო უსაფრთხოების დარღვევა 1000 ლარის ოდენობით; 
• საევაკუაციო და ავარიული გასასვლელების, ხანძრის ავტომატური ქრობისა და სახანძრო სიგნალიზაციის არქონა 1000 – 5000 ლარამდე; 
• შენობა-ნაგებობასთან მისასვლელებისთვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა 1000 ლარის ოდენობით;
• კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესებისა და მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა 5000 – 10000 ლარამდე; 
• სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევა 1000 ლარის ოდენობით; 
• საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის, მატერიალური და კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა 3000 ლარის ოდენობით; 
• წყალსადენის ქსელის მფლობელის ან ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაციის მიერ სახანძრო ჰიდრატების მოვლა-პატრონობისთვის დადგენილი წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა 3000 – 5000 ლარამდე; 
• საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირისთვის ხელის შეშლა 1000 ლარის ოდენობით. შემოწმება 14 თებერვლიდან დაიწყება.

მსგავსი თემები