სასტუმროების დატვირთვა 20%-ით შემცირდა, საოჯახო სასტუმროებს წყლის ტარიფი უძვირდებათ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 26 თებერვალს, 15:00 საათზე ე.წ. საოჯახო ტიპის სასტუმროების სასმელი წყლის ტარიფთან დაკავშირებით პირველ სამუშაო შეხვედრას გამართავს.

დასწრება შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. შეხვედრაზე განიხილება კომისიის მიერ შეთავაზებული პროექტი, რომელიც განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე: http://gnerc.org/ge/public-information/public-works/sajaro-warmoeba/21066

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სანდო წყარომ აცნობა, რომელიც სასტუმროების ქსელის ბიზნესშია ჩართული, საოჯახო სასტუმროების დატვირთვა ამ დროსათვის, შარშანდელთან შედარებით, 20 პროცენტითაა შემცირებული, რაც ძირითადად, ახალი რეგულაციებითაა განპირობებული. მისივე თქმით, საოჯახო სასტუმროების უდიდესი ნაწილი, რეგისტრაციის გარეშე, „შავად მუშაობს“, რითაც იურიდიული პირისთვის დაწესებული გადასახადების თავიდან არიდებას ცდილობენ.

„შარშანდელთან შედარებით, ამ დროისათვის სასტუმროების დატვირთვა 20 პროცენტითაა შემცირებული, იმის გამო, რომ ირანელები და არაბები გავყარეთ და დარჩნენ ძირითადად, რუსები. სასტუმროთა 90-95 პროცენტი კი, „შავად მომუშავეა“, რადგან როგორც კი რეგისტრირდები სასტუმროდ, მაშინვე ხდები იურიდიული პირი და გასასახადებსაც იხდი ისე, როგორც იურიდიული პირი. ამ მეთოდით, არსებულ რეგულაციას თავს არიდებენ, – აცხადებს წყარო.

მისივე თქმით, „სემეკთან“ მოლაპარაკების შედეგად, მიაღწიეს იმას, რომ კერძო სასტუმროს მეპატრონეს, თუკი თავადაც ამ სასტუმროში ცხოვრობს, 20 კუბამეტრამდე გახარჯული წყალი ფიზიკური პირის ტარიფით დაებეგრება.

„საოჯახო ტიპის სასტუმროებს, სადაც მეპატრონე თვითონ ცხოვრობს, 20 კუბამეტრამდე წყალი ფიზიკური პირის ტარიფით დაებეგრება, ხოლო 20 კუბის ზემოთ გახარჯულ წყალზე, იურიდიულ პირზე გავრცელებული ტარიფით გადაიხდის“, – აღნიშნავს წყარო „მედიაცენტრ მთავართან“.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში 2019 წლის 18 იანვარს დაიწყო და შემუშავდა პროექტი ე.წ. საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ტარიფის განსაზღვრასთან დაკავშირებით. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად, 2019 წლის 26 აპრილი განისაზღვრა.

სამუშაო შეხვედრა ხვალ, “სემეკის“ ოფისში გაიმართება.

მსგავსი თემები