“სასამართლო კრიზისი პოლიტიკურ კრიზისში გადაიზრდება” – კახა წიქარიშვილი იუსტიციის საბჭოს დაშლის გზებზე

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე, სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრი კახა წიქარიშვილი საპარლამენტო უმრავლესობისგან მოითხოვს აღიარონ სასამართლო კრიზისი და იუსტიციის საბჭოს არსებული შემადგენლობის ვადამდელი დაშლის გადაწყვეტილება მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო კრიზისი პოლიტიკურ კრიზისში გადავა.

როგორც კახა წიქარიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა პარლამენტს მიმართეს რეკომენდაციით, შეისწავლონ სასამართლოში არსებული მდგომარეობა და მიიღონ სპეციალური რეზოლუცია. იმ შემთხვევაში თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რეზოლუციის მიუხედავად, არ გადადგებიან, შემდგომ უნდა დაიწყოს მსჯელობა საკანონმდებლო პროცედურებზე თუ, როგორ ჩამოაცილონ კლანი სასამართლოს მმართველობას.  

​მისივე განმარტებით, საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება, რის საფუძველზე იუსტიციის საბჭოს ჩამოერთმევა უფლებები და ის დროებით კომისიას გადაეცემა, ან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაიწყოს რეორგანიზაცია.  

“ჩვენი მოთხოვნა არის იუსტიციის საბჭოს გადადგომა. ​პირველ რიგში, პარლამენტს მივმართეთ რეკომენდაციით და ვურჩიეთ, შეისწავლოს სასამართლოში არსებული მდგომარეობა და მიიღოს სპეციალური რეზოლუცია. ამ რეზოლუციის მიუხედავად იუსტიციის საბჭოს წევრები თუ არ გადადგებიან, შემდგომ უნდა დაიწყოს მსჯელობა საკანონმდებლო პროცედურებზე და საკანონმდებლო წესით უნდა ჩამოშორდეს სასამართლოს კლანური მმართველობა. პოლიტიკური ნება თუ იარსებებს და პარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, სადაც აღწერს სასამართლოში არსებულ კრიზისულ ვითარებას და კლანურ მმართველობას, სავარაუდოდ კლანი არ დარჩება თავის ადგილას და გადადგება. ეს იქნება პოლიტიკური, საზოგადოებრივი და იურიდიული კონსენსუსის შედეგი. თითქმის გამორიცხულია კლანის წევრებმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავისი სურვილით დატოვონ. ამიტომ იუსტიციის საბჭოს უნდა ჩამოერთვას უფლებები და შეიქმნას დროებითი კომისია. პარლამენტი თუ არ აღიარებს სასამართლო კრიზისს,  ის პოლიტიკურ კრიზისში გადაიზრდება”, – განაცხადა კახა წიქარიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.  

მსგავსი თემები