სასამართლოში ცერცვაძე-ჩინჩალაძის კლანი არსებობდა და ცუდი საქმეები მათი ხელით კეთდებოდა – კახა წიქარიშვილი

მოსამართლეთა სადისციპლინო კომისიის ყოფილი წევრი კახა წიქარიშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილის პერიოდში, სასამართლოში 2 – ცერცაძე – ჩინჩალაძის კლანი არსებობდა და 2012 წლამდე, ამ ჯგუფების მეშვეობით ხდებოდა იმ ცუდი საქმეების კეთება, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მილიონ ცუდ საქმედ მოიხსენიებს.

როგორც კახა წიქარიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სასამართლო სისტემაში მორჩილების ორგანიზება ხდებოდა ამ ჯგუფების მეშვეობით. ძალთა ბალანსი ასეთი იყო: ცერცვაძე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო ჩინჩალაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, მათ ჰყავდათ თავისი ჯგუფები და მათი მეშვეობით მართავდნენ სასამართლოს.

მისივე თქმით, სასამართლოში უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბებულია ორგანიზებული მორჩილების სინდრომი, რასაც ამ კლანის სახით, თავისი ორგანიზატორები ჰყავს. 

“ამის შესახებ მე 2012 წლიდან ვსაუბრობ, სამწუხაროდ ჩემი განცხადებების საჯარო სივრცეში ვერ მოექცა. 2013 წელს მე ვიყავი იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატი, გასაუბრებაზე ვიყავი საპარლამენტო კომიტეტში და მაშინ ვთქვი, რომ სასამართლოში შექმნილია კრიზისული ვითარება, აუცილებელია მისი შესწავლა და ვრცელი დიაგნოზის გაკეთება, სანამ დაიწყება რეფორმა. ამის შემდეგ, მივწერე წერილი თეა წულუკიანს. იმ ხანებში ვიყავი გაეროს თანამშრომელი და მქონდა მასთან აქტიური მიმოწერა მართლმსაჯულების ხარვეზების კომისიის თაობაზე და მას ვთხოვე შექმნილიყო სახელმწიფო კომისია, რომელიც შეისწავლიდა სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობას.  სამწუხაროდ მან ამ წერილზე არ მიპასუხა. 2016 წელს, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევნებზე, პარლამენტში საჯაროს დავაფიქსირე, რომ სასამართლოში არსებობს კლანი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს აკონტროლებდა სასამართლოს”, – აცხადებს კახა წიქარიშვილი.  

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს მან, რამდენჯერმე სთხოვა კლანური მმართველობის შესახებ საჯაროდ ესაუბრა.

“კარგი და წესიერი იურისტები, რატომ მიიღებენ ამ კონკურსში მონაწილეობას, როცა სახეზე გვაქვს იმის მაგალითი, თუ ჩვენს თვალწინ, როგორ მოტყდა, შეუდრეკელი, წესიერი და კვალიფიციური ადამიანი. ის ჩუმად გაიპარა სასამართლოდან და ახლაც ხმას არ იღებს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ვერ გაუძლო ამ კლანის ზემოქმედებას და ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც მოსამართლედ აირჩევა, ის რანაირად გაუძლებს. ასევე, უზენაესში ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილი მოსამართლეები რომ არიან, ისინი დღეს ხმას იღებენ ამ მდგომარეობის წინააღმდეგ? ისინიც თავისი დუმილით ხელს უწყობენ ამ კლანს”, – აცხადებს კახა წიქარიშვილი.  

მსგავსი თემები