სასამართლოში, ზაზა სარალიძე და თენგიზ კალანდია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას საქმის განხილვაზე ხმაური იყო.

დაპირისპირება თავიდან მიხეილ კალანდიასა და და ზაზა სარალიძეს შორის მოხდა. კერძოდ, მოწმის დაკითხვისას პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა ზაზა სარალიძემ, რასაც დარბაზში მიხეილ კალანდიას მამის, თენგიზ კალანდიასა და ძმის, ლუკა კალანდიას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი დარბაზიდან სარალიძეს გაეკიდნენ.

მიხეილ კალანდიას ძმის თქმით, გაღიზიანება ზაზა სარალიძის ფრაზამ გამოიწვია.

„გაღიზიანება ზაზა სარალიძის ფრაზამ გამოიწვია, ზურაბ თოდუას რომ უთხრა, ეს იყო განაჩენიო. რას ეძახის განაჩენს, ამდენი ხანი მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება რომ არ გამოჩნდა და იმას, რომ გარიგებაზე მიდის მკვლელებთან, რომ მიხეილ კალანდია დაიჭირონ? ეს იყო ჩვეულებრივი პროვოკაცია სარალიძის თანმხლები პირის მხრიდან, რომელმაც მამაჩემს უთხრა, გამოდი შენ ერთი გარეთო. რომელი ადამიანი მოითმენდა ამას? ამდენი ხანია შეურაცხყოფას ვითმენთ, ხმას არ ვიღებთ და ეს იმას ნიშნავს, რომ თავმოყვარეობა არ გვაქვს? ამდენი ხანი გარდაცვლილების სულებს პატივს ვცემდით, ორი წელი კალანდიები ჩუმად ვიყავით და ყველამ თავზე გადაგვიარა. დღეიდან ყველას გაეცემა პასუხი სამართლებრივად”, – განაცხადა ლუკა კალანდიამ.

სხდომათა დარბაზში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, განცხადება გააკეთა თავად ბრალდებულმაც. მიხეილ კალანდიამ მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილს სთხოვა, სხდომაზე ზაზა სარალიძე აღარ დაუშვას.

„სამწუხაროა, მსგავსი ფაქტი რომ მოხდა. ყველა ადამიანს აქვს ნერვები და ყველაფერს აქვს საზღვარი. მესმის, რომ ზაზა სარალიძე დაზარალებულის უფლებამონაცვლეა, მაგრამ ჩემი და ჩემი ოჯახის არასახარბიელო ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გთხოვთ, ბატონი ზაზა პროცესზე აღარ დაუშვათ, რადგან მისი მხრიდან პროვოკაციულ მოქმედებებს აქვს ადგილი და ყველაფრის მომთმენი ჩემი ოჯახის წევრები მდგომარეობიდან გამოყავს. გთხოვთ, ბატონ ზაზა სარალიძეს სხდომაზე დასწრების უფლება აუკრძალოთ, ადვოკატი დაესწროს და გადასცეს მას, რა ხდება სხდომაზე თუ აინტერესებს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ აინტერესებდეს”, – განაცხადა მიხეილ კალანდიამ.

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის განცხადებით, პირი სხდომათა დარბაზში რომ არ დაიშვას, ის გაფრთხილებული ან გაძევებული უნდა იყოს.

“ეს საკითხი ახლა არ გადაწყდება, ვინ დაესწრება სხდომას”, – განაცხადა მარსაგიშვილმა.

მსგავსი თემები