“საპროცესო შეთანხმების უფლება მოსამართლეებსაც უნდა მიენიჭოთ” – ადვოკატები

ადვოკატების ინიციატივით, საპროცესო შეთანხმების გაფორმების უფლება, კანონმდებლობით, პროკურატურის გარდა, მოსამართლეებსაც უნდა მიენიჭოთ. როგორც ადვოკატებმა, ლექსო კობაიძემ და ანა ჟღენტმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს,  აღნიშნული ინიციატივა, სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას, სასჯელზე ნაკლები დაუწესოს ბრალდებულს.

“ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი შემოვდივართ ინიციატივით ქართულ მართლმსაჯულებაში, რომ სხვა მიდგომა იყოს საპროცესო შეთანხმებაში. დღეს, მხოლოდ პროკურორს და ბრალდებულს აქვს უფლება, გააფორმოს საპროცესო შეთანხმება. სასამართლო შტოს კი – არა. პენიტენციური დაწესებულებები სავსეა პატიმრებით. თავად სასამართლოში, ბევრ ადამიანს უწევს მართლმსაჯულების აღსრულება და ამას გარკვეული დრო მიაქვს სასამართლოსგან, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ხან პროკურატურაა წინააღმდეგი, ხან დაცვის მხარე, იმ პირობებით რასაც პროკურატურა სთავაზობს, ” – განაცხადა ადვოკატმა ლექსო კობაიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

ადვოკატ ანა ჟღენტის განცხადებით, კონსტიტუციის დარღვევაა, როცა საპროცესო შეთანხმების უფლების გაცემა მხოლოდ პროკურატურას შეუძლია.

“სასამართლოს უნდა ჰქონდეს იმაზე მეტი უფლება, ვიდრე განსაზღვრულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. პროკურატურა, ხშირ შემთხვევაში, საქმეებისა და პატიმრების დიფერენციას აკეთებს.  აუცილებლად უნდა მიეცეთ სასამართლოებს შესაძლებლობა, რომ შეძლონ, განსაზღვრონ გარემოებები და ჰქონდეთ საშუალება, გამოიყენონ პირობითი მსჯავრი,” – განაცხადა ანა ჟღენტმა “მედიაცენტრ მთავარში.

ადვოკატები, აღნიშნული ინიციატივის დაყენებას, საკანონმდებლო დონზე აპირებენ.

“მივმართავთ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოვითხოვთ რეკომენდაციების გაცემას. ასევე, მივმართავთ სამეცნიერო სფეროს, როგორიცაა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურა და სხვა წრეები, რომ წარმოადგნონ თავიანთი შეხედულებები აღნიშნულ ინციატივასთან დაკავშირებით,”- განაცხადა ლექსო კობაიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

ადვოკატების ინფორმაციით, აღნიშნულ ინიციატივას, თავად პროკურორები და მოსამართლეებიც მიესალმებიან, რადგან მათთვის საქმე მარტივდება. 

მსგავსი თემები