საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენაზე “ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა უარი თქვას  

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში ნამდვილი ევროპული საპარლამენტო დემოკრატიის შესაქმნელად და დემოკრატიისთვის უკეთესი იქნება, თუ მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა არ ეყოლება, თუმცა, მეორე მხრივ დასძენს, რომ არა ერთი კანდიდატი ჰყავთ, რომლებსაც საპრეზიდენტო არჩევნებში ღირსეული შედეგის ჩვენება შეუძლიათ.

როგორც მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,
„ქართული ოცნების“ ფილოსოფია მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო გახდეს ნამდვილი ევროპული საპარლამენტო დემოკრატიის ქვეყანა. „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამასთან ერთად, ადგილობრივი არჩევნების შედეგად, ფაქტობრივად, ყველა ადგილობრივ თვითმმართველობაშიც უპირატესობით არის წარმოდგენილი.

“რა თქმა უნდა, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ამოცანაა, ნებისმიერ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა მაქსიმალური რესურსების ინვესტიცია განახორციელოს, რომ მიიღოს კარგი შედეგი. გარწმუნებთ, ჩვენ არაერთი კანდიდატი გვყავს, ამაზე ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა, ვისაც შეუძლია უპრობლემოდ, გამოწვევების გარეშე ძალიან ღირსეული შედეგი მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებზე”, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე ინფორმაციით, მმართველ გუნდში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა ამ არგუმენტებთან დაკავშირებით და საზოგადოებას შეჯერებულ პოზიციას უახლოეს ხანებში გააცნობენ.

მსგავსი თემები