საპრეზიდენტო კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი თბილისსა და ქუთაისში გააკეთეს

საპრეზიდენტო კანდიდატებმა, სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ, არჩევნების მეორე ტურში, საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს.

დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმა მთაწმინდის მე-4 ოლქის მე-4 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა და როგორც განაცხადა, ხმა ევროპულ კანდიდატს მისცა.

„ჩემი ხმა მივეცი ყველაზე ევროპელ კანდიდატს, ჩემი არჩევანი არის მშვიდობიანი საქართველო, ჩემი არჩევანი არის ერთიანი საქართველო, ჩემი არჩევანი არის დაწყნარებული საქართველო, ჩემი არჩევანი არის ღიმილიანი საქართველო,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატი უბანზე შვილებთან ერთად მივიდა.

​მანამდე საკუთარი არჩევანი გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ქალაქ ქუთაისში გახსნის საარჩევნო უბანზე დააფიქსირა და მოქალაქეებს მოუწოდა მივიდნენ საარჩევნო უბანზე და სწორი არჩევანი გააკეთონ.

„უპირველეს ყოვლისა, დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები, ადამიანები, ვინც 1990 წლიდან, კბილებით ინარჩუნებენ დემოკრატიას ამ ქვეყანაში, ადამიანები, ვინც ყველაფერს აკეთებენ, რომ შეინარჩუნონ სახელმწიფოებრიობა, ადამიანები, ვინც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სამ სვეტზე იყოს დაფუძნებული სახელმწიფო, თანასწორობა, სამართლიანობა, განვითარება – ეს ადამიანები მოვლენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთებენ სწორ არჩევანს, იმიტომ, რომ საქართველოს უაზროდ, ფუჭად დასახარჯი დრო მეტი აღარ აქვს,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

იგი საარჩევნო უბანზე მეუღლე, პრიმაბალერინა ნინოა ანანიაშვილთან და შვილთან ერთად მივიდა.

ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი მოსახლეობის 20%-ზე მეტმა დააფიქსირა.

მსგავსი თემები