საპენსიო აქტივებს 50 მილიონი ლარის სარგებელი დაერიცხა

საპენსიო აქტივებს დარიცხული სარგებელი 50 მილიონ ლარამდეა, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი.

„საინვესტიციო სამსახურმა საკუთარი საინვესტიციო მანდატის ფარგლებში გააანალიზა ბაზარზე არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და მიიღო გადაწყვეტილება, ეროვნულ ბანკში არსებული ნაშთის (84 მილიონი ლარი, რომელსაც ერიცხებოდა ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი, 8.50 პროცენტი) და კომერციულ ბანკებში არსებული ნაშთების (83 მილიონი ლარი, რომელსაც ერიცხებოდათ სხვადასხვა საპროცენტო სარგებელი) ოპტიმალურად განაწილებასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, საინვესტიციო სამსახურმა ქართულ კომერციულ ბანკებთან აქტიური მოლაპარაკების საფუძველზე ეროვნულ ბანკში არსებული ნაშთი სრულად გადაანაწილა სხვადასხვა ქართულ კომერციულ ბანკში, როგორც მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, ასევე გრძელვადიან სასერთიფიკატო დეპოზიტებში – კონკრეტულად, განხორციელდა 40 მილიონი ლარის ღირებულების 36-თვიანი სასერტიფიკატო დეპოზიტების შეძენა წლიურ ნომინალურ 13.8 პროცენტში (ეფექტური წლიური 12.24 პროცენტი). აღნიშნული ინვესტიცია წარმოადგენს საუკეთესო საპროცენტო ამონაგებს საპენსიო სქემის თითოეული მონაწილისათვის“, – აღნიშნავენ საპენსიო სააგენტოში.

მათივე ცნობით, შედეგად, დღეის მდგომარეობით, საპენსიო აქტივები შეადგენს 780 მილიონ ლარს, რომლიდანაც 84 პროცენტი (651 მილიონი ლარი), განთავსებულია კომერციულ ბანკებში სასერტიფიკატო დეპოზიტებში წლიურ ნომინალურ 14.7 პროცენტში (ეფექტური წლიური 12.0 პროცენტი), ხოლო დანარჩენი 16 პროცენტი, (128 მილიონი ლარი), კომერციულ ბანკებში სარგებლიან ანგარიშებზე წლიურ 9.8 პროცენტში. მთლიანი საპენსიო აქტივების წლიური მიმდინარე საპროცენტო მომგებიანობა შეადგენს 14.0 პროცენტამდე.

„აღსანიშნავია, რომ კომერციულ ბანკებში სასერტიფიკატო დეპოზიტებში არსებულ თანხას უკვე დაერიცხა 20 მილიონ ლარზე მეტი სარგებელი, ხოლო ჯამში მთელ საპენსიო აქტივებს დარიცხული სარგებელი 50 მილიონ ლარამდეა“, – აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ 2020 წლის პირველი აპრილიდან საპენსიო სააგენტოში უფროსი საინვესტიციო ოფიცრის პოზიციაზე გოგა მელიქიძე დაინიშნა, საინვესტიციო სამსახურის უფროსის მოადგილედ კი გუნდს ლევან ვერძეული შემოუერთდა.

„გოგა მელიქიძე და ლევან ვერძეული დანიშვნის დღიდან აქტიურად ჩაერთნენ საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ პროცესებში. მათი ჩართულობით საინვესტიციო საბჭოსთან ერთად მუშავდება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც დასრულების ეტაპზეა და დამტკიცების შემდგომ გამოქვეყნდება.

საინვესტიციო სამსახური აგრეთვე აქტიურად არის ჩართული სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ საინვესტიციო სამსახური საქართველოს ეროვნულ ბანკთან, რომელიც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის მარეგულირებელი ორგანოა, აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს.

ამა წლის მაისის თვის დასაწყისში გაიმართა შეხვედრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ვიდეოკონფერენციის რეჟიმში, რომლის დროსაც მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები იქნა განხილული, მათ შორის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი“, – აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები